უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა მინიმალური ოდენობა 16 მოსამართლით განისაზღვრება, ხოლო აღნიშნული რაოდენობის ზემოთ, მოსამართლეთა რაოდენობას უზენაესი სასამართლოს პლენუმი დაადგენს.
ასეთი ცვლილებით პარლამენტმა დღეს, 77 ხმით, 5-ის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით, "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტი მიიღო, რომელიც მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების მესამე ტალღის სახელით მოიხსენიება.
როგორც კენჭისყრამდე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა გედევან ფოფხაძემ და გია ვოლსკიმ განმარტეს, ინიციატორთან მიღწეულია შეთანხმება, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა მინიმალური ოდენობა 16-ით განისაზღვროს, ხოლო ამის ზემოთ მოსამართლეთა რიცხოვნობის გაზრდის თაობაზე გადაწყვეტილება პლენუმმა მიიღოს. თავის მხრივ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ საპარლამენტო უმრავლესობასთან მიღწეული ეს შეთანხმება დაადასტურა.
ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტროს მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებული თავდაპირველი ვარიანტით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა 28-ით იყო განსაზღვრული.
რაც შეეხება საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში დაგეგმილ სხვა ცვლილებებს, ახლებურად ყალიბდება სააპელაციო და საქალაქო სასამართლოების თავმჯდომარეთა თანამდებობაზე გამწესების საკითხი. კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დანიშვნის ნაცვლად, მათ შესაბამისი სასამართლოების მოსამართლეები აირჩევენ.
პროექტით, საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი. კანონპროექტი მოსამართლეთა მივლინების საკითხებსაც აწესრიგებს.
გათვალისწინებულია დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის შემოღება, ასევე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის შექმნა.