,,რესპუბლიკური პარტია" კარგად ვთანამშრომლობთ ,,მრეწველებთან" და ერთი კაცის პოზიციას ნუ გადააყოლებენ თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობას, - ამის შესახებ განცხადება დავით ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა.
,,რესპუბლიკური პარტიის" წევრების განცხადებები ამ დღეების განმავლობაში სრულ თანხვედრაშია იმასთან, რა პოზიციაც გამოხატა კოალიციის ლიდერმა. ეს არ არის პარტიებს შორის გასარკვევი. ეს არის ერთი კაცის, გოგი თოფაძის დაპირისპირება თავდაცვის მინისტრთან, ევროატლანტიკურ კურსთან და საქართველოში ჩატარებულ სამართლიან არჩევნებთან. თემა დახურულია. ძალიან ვწუხვარ, რომ ,,მრეწველთა" პარტიის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, რომელიც ფრთხილი, კორექტული კაცია, მაინც მეგობრისკენ გადაიხარა ვიდრე პარტიული ინტერესების დაცვისკენ. როცა ტყემალაძემ განაცხადა, რომ ის არ ეთანხმება კოალიციის ლიდერს, მე არ მგონია, ეს კარგი იყოს. საჯაროდ მინდა ვთქვა, რომ ,,რესპუბლიკური პარტია" კარგად ვთანამშრომლობთ ,,მრეწველებთან" და ერთი კაცის პოზიციას ნუ გადააყოლებენ თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობას", - აღნიშნა ბერძენიშვილმა.
იგი მიიჩნევს, რომ გოგი თოფაძეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა შეასრულოს მისი სიტყვა პარლამენტიდან წასვლის შესახებ.
,,მივცეთ გოგი თოფაძეს მისი სიტყვის შესრულების შესაძლებლობა და არ დავუკავშიროთ თოფაძის არაადეკვატური განცხადებები ცალკეული თანამდებობის პირების მიმართ "მრეწველთა პარტიის" პრობლემას. არ მინდა ,,მრეწველთა პარტიას" ჰქონდეს პრობლემა. არ მინდა ზურაბ ტყემალაძეს პრობლემა ჰქონდეს კოალიციასთან მიმართებაში. ამიტომ პრემიერმა გადადგა კომპრომისული ნაბიჯი. ჩვენც ვდგამთ ამ ნაბიჯს. პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ასევე გადაგა ეს ნაბიჯი. ამოვწუროთ თემა. გოგი თოფაძეს მივცეთ შესაძლებლობა შეასრულოს დანაპირები პარლამენტიდან წასვლის შესახებ", -განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.