"მაესტროს" კრედიტორთა კრებას, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, ძმები გაჩეჩილაძეეები არ ესწრებიან.
როგორც მათმა წარმომადგენელმა ადვოკატმა ირაკლი კორძახიამ განმარტა, გაჩეჩილაძეები სასამართლოში მისვლას არ აპირებენ და იგი მათი წარმომადგენლის სტატუსით მიიღებს კრებაში მონაწილეობას. ამასთან, ირაკლი კორძახიამ განმარტა, რომ დღევანდელ კრებაზე გაჩეჩილაძეების მხარის მოთხოვნა იქნება, კრების გადადება, ვიდრე არ დარეგისტრირდება "მაესტროს" დირექტორად ლევან გაჩეჩილაძე.
"კანონის მოთხოვნაა, რომ კრებაზე "მაესტროს" უფლებები დაიცვას დირექტორმა. დღეს დირექტორის დარეგისტრირების პროცესი არის შეჩერებული. ბაია გადაბაძე არის ყოფილი დირექტორი და იგი ვერ დაიცავს კრებაზე "მაესტროს" ინტერესებს. შესაბამისად, დღევანდელ პროცესზე ჩვენი მოთხოვნა იქნება ეს", - განაცხადა ირაკლი კორძახიამ.
მისი თქმით, ის რომ გაჩეჩილაძეები სხდომას არ დაესწრებიან ჩვეულებრივი საკითხია, რადგან კრედიტორთა კრებაზე მაკა ასათიანს და კოტე გოგელიასაც წარმოადგენს საკუთარი იურისტი, მიუხედავად იმისა, რომ მათ საქართველოში დაბრუნება და კრებაში მონაწილეობა შეეძლოთ.
კორძახიამ განმარტა, რომ თუკი მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება კრების გადადების თაობაზე, იქნება კიდევ ერთი შუამდგომლობა. კერძოდ, ადვოკატი მოითხოვს გადაწყდეს საკითხი ვინ წარმოადგენს "მაესტროს" კრედიტორთა კრებაზე – ლევან გაჩეჩილაძე, რომელიც პარტნიორთა კრებამ აირჩია, თუ ბაია გადაბაძე, რომელიც პარნიორტთა კრების გადაწყვეტილებით დირექტორი აღარ არის, თუმცა რეგისტრაციაშია.
რაც შეეხება ჟურნალისტების შეკითხვას, კრების მიმდინარეობა შეუშლის თუ არა ხელს ტელეკომპანიის მაუწყებლობას, კორძახიამ განმარტა, რომ "მაესტროს" საქმიანობას და კრედიტორთა კრებას შორის არანაირი კავშირი არ არის, შესაბამისად, ეს პროცესი "მაესტროს" მაუწყებლობას ხელს ვერ შეუშლის.