ფოთის რაიონულ პროკურორ ალექსანდრე გოგუაძეს, რომელმაც თანამდებობა დატოვა, მოსამართლეობა სურს. გოგუაძე მოსამართლეების შესარჩევ კონკურსში დარეგისტრირებულ კანდიდატებს შორის ირიცხება, რასთან დაკავშირებული სიაც თავად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
უფრო კონკრეტულად, განაცხადის მიხედვით, ალექსანდრე გოგუაძე სურვილს გამოთქვამს, გახდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ან მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
ალექსანდრე გოგუაძის მიერ ფოთის რაიონული პროკურორის თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა. არსებული ცნობით, მასთან ერთად გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორმა გიზო უბილავამაც. პროკურატურაში ადასტურებენ, რომ სისტემაში საკადრო ცვლილებებია, თუმცა აღნიშნავენ, რომ არც ერთი პროკურორი სახლში არ გაუშვიათ და ადგილი აქვს მხოლოდ შიდა საკადრო გადაადგილებებს.