ყაზახებს არც აქვთ ნაფიქრი იმაზე, რომ საქართველოდან ინვესტიციები გაიტანონ, - ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
მინისტრმა ყაზახეთის დელეგაციის ვიზიტის შესახებ ისაუბრა, რომელსაც ყაზახეთის ვიცე პრემიერი ხელმძღვანელობდა.
როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, მათთან ორი დღის განმავლობაში ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და მოხდა ყველა საკითხის განხილვა, რომელიც ყაზახურ ინვესტიციებს, მათი კიდევ უფრო გაღრმავებას და კიდევ უფრო მეტი ინვესტიციის ჩადებას ეხება.
"პირველი უმთავრესი მესიჯი, რაც ჩვენ მათგან მივიღეთ იყო ის, რომ ყაზახეთი საქართველოში რჩება და მათ არც აქვთ ნაფიქრი იმაზე, რომ საქართველოდან გავიდნენ. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ შეხვედრები დავიწყეთ ბათუმში. სამწუხაროდ, ჩვენც კი შეცდომაში ვიყავით შეყვანილები იმ განცხადებებით, რაც ვრცელდებოდა", - განაცხადა ქუმსიშვილმა.
ქუმსიშვილის თქმით, ყაზახეთის ვიცე პრემიერმა ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ ყაზახები ბათუმის პორტსა და ნავთობტერმინალში რჩებიან, მათთვის ეს არის კარგი ინვეტიციები, საიდანაც დივიდენდებსაც იღებენ და შესაბამისად, ტექნოლოგიური განახლება და გაუჯობესება აუცილებლად იქნება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ყაზახებთან თბილისში განხორციელებულ ინვესტიციებზეც ისაუბრეს.
"თბილისში განხორციელებულ ინვესტიციებთან დაკავშირებით მე არ მინდა წინა ხელისუფლებას შევეხო, ან დღევანდელ ხელისუფლებას, იყო თუ არა ეს წართმეული. მე არ ვთვლი, რომ ეს ასეა. თავის დროზე გადაწყვეტილებები იყო მიღებული იმიტომ, რომ ჩვენი მოსახლეობა გაზით ყოფილიყო მომარაგებული და ჩვენ ერთმნიშვნელოვნად დავუფიქსირეთ მათ, რომ ჩვენთვის სასურველია, რომ ყაზახები მენეჯმეტში დაბრუნდნენ. მენეჯმენტში დაბრუნებას, რა თქმა უნდა, ინვესტიციების განხორციელება სჭირდება, რადგან დღეს ქსელი ამ ინვესტიციებს საჭიროებს და მათ უნდა ჰქონდეთ აღნიშნული გათავისებული", - განაცხადა ქუმსიშვილმა.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, ყაზახებთან ღია მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
"ჩვენ ვეუბნებით, რომ დაბრუნდით, თუ თქვენ გაქვთ შეგრძნება, რომ ეს არის ყაზახური ინვესტიციები, ჩვენ ამას ვადასტურებთ და ჩვენ გვინდა, რომ თქვენ მოხვიდეთ და ამ კომპანიას შესაბამისი მენეჯმენტი გაუწიოთ", - განაცხადა ქუმსიშვილმა.
რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც კომპანია "ყაზტრანსგაზმა" შესაძლოა, ქართულ მხარეს ინვესტიციების დაბრუნება მოსთხოვოს, კომპანია "ყაზტრანსგაზი" აპროტესტებს 2009 წელს "ყაზტრანსგაზ თბილისში" სპეციალური მმართველის დანიშვნას და მიაჩნიათ, რომ ამით დაირღვა "ყაზტრანსგაზის", როგორც უცხოელი ინვესტორის უფლებები, რადგან დანიშვნის შემდეგ კომპანია "ყაზტრანსგაზ თბილისის" საქმიანობაში ყახაზური მხარე ფაქტობრივად ვეღარ მონაწილეობს.