ვურჩევდი ჩემს კოლეგებს დისკუსია და გარკვეული დაპირისპირება რაც შეიძლება სწრაფად ამოიწუროს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ ჟურნალისტებს "მრეწველებსა" და "რესპუბლიკელებს" შორის მომხდარ უთანხმოებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.
"ვეთანხმები გიორგი კვირიკაშვილს, უცილებელია დისკუსიის წარმართვა კოალიციის შიგნით, პოლიტსაბჭოს ფორმატში და ასეთი საჯარო განცხადებები ნამდვილად აზარალებს კოალიციას, ხელისუფლებას და სახელმწიფო ინტერესებს. ამიტომ ბუნებრივია, ვურჩევდი ჩვენს კოლეგებს, რომ ეს დისკუსია და გარკვეული დაპირისპირება, რაც შეიძლება სწრაფად ამოიწუროს და დიალოგის რეჟიმში ურთიერთობა გაგრძელდეს სწორედ კოალციის ფორმატში და არა საჯარო სივრცეში", - განაცხადა მანანა კობახიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრის მიმართ ბრალდებები აბსოლუტურად მიუღებელია და ჩირქს სცხებს არა ერთ პარტიას, არამედ მთლიანად მთავრობას. მან თანაგუნდელებს მოუწოდა, თუ რაიმე კითხვები აქვთ, სხვა ფორმატში განიხილონ. გიორგი კვირიკაშვილის აზრით, კოალიციის დაშლის შესახებ სალაპარაკო არ უნდა მიეცეთ იმ ადამიანებს, ვისაც ეს უხარია.
რაც შეეხება გოგი თოფაძეს, მან ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში განაცხადა, რომ სანამ არ დაუწყეს "შეურაცხყოფა და კბენა, კოალიციის არც ერთ წევრზე აუგი არ უთქვამს".
დეპუტატმა გაიხსენა თინა ხიდაშელთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული განცხადება და ისევ გაიმეორა, რომ თავდაცვის მინისტრმა უხეშად დაარღვია კანონი საგარეჯოს არჩევნებში და ძალიან ბევრი პრობლემა შეუქმნა კოალიციას.