"საქსტატი" - იანვარში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ იკლო

მიმდინარე წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 528 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 24 პროცენტით ნაკლებია. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან აცნობეს, 528 მლნ. აშშ დოლარდან ექსპორტი 122 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (22 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 405 მლნ. აშშ დოლარს (25 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარში 283 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 54 პროცენტი შეადგინა.

მათივე ინფორმაციით, 2016 წლის იანვარში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 137 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 25 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 38 მლნ. აშშ დოლარი იყო (38 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 99 მლნ. აშშ დოლარი (18 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 26 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 31 პროცენტი და იმპორტში 24 პროცენტი (2015 წლის იანვარში შესაბამისად 26, 39 და 23 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 21 პროცენტი (2015 წლის იანვარში 16 პროცენტი).

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2016 წლის იანვარში 166 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2015 წელთან შედარებით 19 პროცენტით ნაკლები). აქედან ექსპორტი 30 მლნ. აშშ დოლარი (46 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 137 მლნ. აშშ დოლარი იყო (9 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 32 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 24 პროცენტი და იმპორტში 34 პროცენტი (2015 წლის იანვარში შესაბამისად 30, 35 და 28 პროცენტი). 2016 წლის იანვარში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 38 პროცენტი (2015 წლის იანვარში 25 პროცენტი).

ქვემოთ მოცემული დიაგრამა გვიჩვენებს ქვეყნების ჯგუფების წილს საქართველოს მთლიან ექსპორტსა და იმპორტში.

2016 წლის იანვარში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (83 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (54 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (53 მლნ. აშშ დოლარი).

2016 წლის იანვარში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 25 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 20 პროცენტი შეადგინა. მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 12 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 10 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე თხილის და სხვა კაკალის ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 10 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 8 პროცენტი შეადგინა.