რომის პაპი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს მიგრანტების საკითხთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებს. ამის შესახებ ამერიკული მედია წერს.
როგორც კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი ამბობს, ადამიანს, რომელიც მიგრანტებთან კედლების აშენებაზე საუბრობს და არა ხიდის, არ შეიძლება ვუწოდოთ ქრისტიანი. თუმცა, ამავე დროს, პაპმა აღნიშნა, რომ ის ამერიკელ ხალხს ვერ მისცემს რჩევას თუ ვის დაუჭიროს საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი.
მილიარდერი დონალდ ტრამპი პაპის განცხადებას უკვე გამოეხმაურა. მისი თქმით, რელიგიური ლიდერისგან ადამიანის რწმენის კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა საძრახისია.
"მე ვამაყობ, რომ ვარ ქრისტიანი და როგორც პრეზიდენტი, მე არ მივცემ უფლებას არავის რომ ქრისტიანობას თავს დაესხან და შეასუსტონ. იმისგან განსხვავებით, რასაც ამჟამინდელი პრეზიდენტი აკეთებს. არც ერთ ლიდერს, განსკუთრებით რელიგიურ ლიდერს არ უნდა ჰქონდეს უფლება, რომ სხვა ადამიანის რელიგია და რწმენა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს", - დაწერა დონალდ ტრამპმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.