თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "იბერიას" საქმეზე ბრალდებული ზურაბ ადეიშვილისა და გიორგი ლაცაბიძის მიმართ აღკვეთი ღონისძიების არც ერთი სახე არ იქნა გამოყენებული.
როგოც "ინტერპრესნიუსს" ადეიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განუცხადა, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც ზურაბ ადეიშვილისთვის ითხოვდა პატიმრობას და ლაცაბიძისთვის 20 ათას ლარიან გირაოს შეფარდებას.
"სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა და სასამართლომ საერთოდ არც ერთი აღმკვეთი ღონისძიება არ გამოიყენა ფორმალური და ფაქტობრივი გარემოებების არარსებობის გამო", - განაცხადა ადვოკატმა.
მისივე თქმით, წინასასამართლო სხდომა დაინიშნა და ჩვეულებრივ გამოძიება გაგრძელდება. "მაგრამ არც გიორგი ლაცაბიძე და არც ზუარბ ადეიშვილი არ იქნება არანაირი აღმკვეთი ღონისძიების ქვეშ", - აღნიშნა ადვოკატმა.
პროკურატურამ ტელეკომპანია "იბერიის" დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის ჩამორთმევის საქმეზე ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და მისი პირველი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.