იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა ტესტების შესაძლო გამჟღავნებაზე მოკვლევის შედეგებს დღეს დახურულ ფორმატში განიხილავს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა ტესტების შესაძლო გამჟღავნებაზე მოკვლევის შედეგებს დღეს დახურულ ფორმატში განიხილავს

მოსამართლეთა ტესტების შესაძლო გამჟღავნებასთან დაკავშირებით მოკვლევის შედეგებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს დახურულ ფორმატში განიხილავს. 

როგორც საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მოკვლევაზე მუშაობა უკვე დაასრულა და შედეგებს იუსტიციის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვის შემდეგ წარადგენს. მურუსიძის განცხადებით, მოკვლევით დადასტურდა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს ტესტებთან და კაზუსებთან შეხება არ ჰქონიათ. 

"დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების მოკვლევის შედეგებს გავაცნობთ საბჭოს წევრებს. საბჭო იმსჯელებს და რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, გეტყვით. ადრეც ვამბობდი და დადასტურდა, რომ საბჭოს წევრებს არავითარი შეხება არ ჰქონია ტესტებთან და კაზუსებთან", - განაცხადა მურუსიძემ. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი მიიჩნევს, რომ მოკვლევის შედეგები უნდა გადაიგზავნოს საგამოძიებო ორგანოებში, თუმცა, მისივე თქმით, ამასთან დაკავშირებით საბჭო იღებს გადაწყვეტილებას. მურუსიძის თქმით, არსებობს კონკრეტულ პირთა წრე ვისაც აქვს შეხება ტესტებთან, თუმცა მათ შესახებ მურუსიძე ამ დროისთვის არ საუბრობს. ასევე, იგი ამ დროისთვის არ აცხადებს იკვეთება თუ არა კონკრეტული სისხლის სამართლებრივი დანაშაული, მოკვლევის შედეგებიდან გამომდინარე. მოკვლევა თავად ლევან მურუსიძემ აწარმოა.