თბილისში საქართველო-აზერბაიჯან-თურქეთის სამმხრივი საგარეო საქმეთა მინისტერიალის მეხუთე შეხვედრა გაიმართება

თბილისში საქართველო-აზერბაიჯან-თურქეთის სამმხრივი საგარეო საქმეთა მინისტერიალის მეხუთე შეხვედრა გაიმართება

თბილისში დღეს საქართველო-აზერბაიჯან-თურქეთის სამმხრივი საგარეო საქმეთა მინისტერიალის მეხუთე შეხვედრა გაიმართება. 
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ. 

სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში ხელი მოეწერება თბილისის განცხადებას. მინისტრები ასევე ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის საქართველოს მონაკვეთს მოინახულებენ. აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოები პრაქტიკულად დასრულებულია და მისი ტესტირება წარმატებით განხორციელდა 2015 წელს. 

საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა 2012 წლის 8 ივნისს გაიმართა, სადაც მინისტრებმა ხელი მოაწერეს "ტრაპიზონის დეკლარაციას". დეკლარაცია ფიკუსირებულია სამ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარებაზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, ტრანსპორტის, საბანკო, გარემოს დაცვის, ჰუმანიტარულ და სხვა სფეროებში. საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივ შეხვედრას საქართველო მეორედ მასპინძლობს.