"მაესტროს" კრედიტორთა კრების გამართვის მიზანშეწონილობის საკითხს დღეს სასამართლო გადაწყვეტს

დღეს ტელეკომპანია "მაესტროს" პარტნიორთა კრებაა ჩანიშნული. როგორც "ინტერპრესნიუსს" "მაესტროს" საკონტროლო პაკეტის მფლობელის, გია გაჩეჩილაძის ადვოკატმა, ირაკლი კორძახიამ განუცხადა, გაიმართება თუ არა კრება, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გახდება ცნობილი.

"სასამართლო დღეს, 14:00 საათზე, განიხილავს გია გაჩეჩილაძის შუამდგომლობას კრედიტორთა კრების გადადების თაობაზე და ადგილზე მიიღებს გადაწყვეტილებას. შესაბამისად, ჩატარდება თუ არა კრედიტორთა კრება, სწორედ ამ დროისთვის გახდება ცნობილი", - განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება იმას, რომ სასამართლომ გუშინ ტელეკომპანიის მოქმედი დირექტორის, ბაია გადაბაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა, ადვოკატის თქმით, აღნიშნულის გათვალისწინებით, თეორიულად დასაშვებია, რომ დღეს დაგეგმილ კრედიტორთა კრებამდე "მაესტროს" გენერალურ დირექტორად ლევან გაჩეჩილაძის დარეგისტრირება მოესწროს, თუმცა პრაქტიკულად რამდენად მოესწრება, არ იცის.

როგორც მან განმარტა, არ ეთანხმება გაბადაძეს იმ ნაწილში, რომლის მიხედვითაც, საქალაქო სასამართლოს შემდეგ სააპელაციო სასამართლო ღამით განიხილავს გადაბაძის საჩივარს, რის შემდეგაც დილით საბოლოო გადაწყვეტილება რეესტრში შევა და გაჩეჩილაძე ტელეკომპანიის დირექტორად დარეგისტრირდება. 

"ბაია გადაბაძე აღარ არის "მაესტროს" დირექტორი. ის არის გოგელიას მითითებების შემსრულებელი. ამას ისიც მოწმობს, რომ გოგელიას ინტერესების დამცველ ადვოკატთან ერთად დადის. მართალია, გადაბაძე რჩება რეგისტრაციაში, თუმცა, არჩეული დირექტორი არის ლევან გაჩეჩილაძე. შესაბამისად, გაჩეჩილაძის ოფიციალურად დარეგისტრირებამდე კრედიტორთა კრება არ უნდა ჩატარდეს. ჩვენ ეს მოვითხოვეთ სასამართლოში", - განაცხადა ირაკლი კორძახიამ.