"რუსთავი 2"-ის საქმეზე დასკვნით სიტყვას მხარეები საკონსტიტუციო სასამართლოში მომდევნო კვირას იტყვიან. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია "რუსთავი 2"-ის ადვოკატისა და პარლამენტის წარმომადგენლის დასკვნით სიტყვას 24 თებევრალს 10:00 საათზე მოისმენს.
"რუსთავი 2"-ის ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, სასარჩელო მოთხოვნით სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს არა მხოლოდ მედიასაშუალებების მიმართ, არამედ კერძო სამართლის სუბიექტების მიმართაც.
"ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა არის არა მხოლოდ მედიასაშუალებების მიმართ ამ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა, ეს ნორმა გარდა მედიასაშუალებისა, ეწინააღმდეგება საკუთრების უფლებას, რომელიც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით და ეხება ნებისმიერ კერძო სამართლის სუბიექტებს. ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა არ შეცვლილა. მიუხედავად იმისა, რომ ნორმა შეჩერებულია მხოლოდ და მხოლოდ მედიასაშუალების მიმართ, მიგვაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს არა მხოლოდ მედიასაშულებების, არამედ სხვა სუბიექტების მიმართაც", - აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
პარლამენტის წარმომადგენლის, თამარ მესხიას განმარტებით, საკითხი გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებაში არის მხოლოდ ირიბ შემხებლობაში და მისი მიზანი არ არის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. "პირველ რიგში, მთავარი, რაზეც საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გასცეს პასუხი არის ის, თუ როგორ უნდა აღიქვას "რუსთავი 2", როგორც სამაუწყებლო კომპანია თუ როგორც ჩვეულებრივი შპს, მოგებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია. ამ კითხვაზე პასუხი პარლამენტის მხრიდან არის ის, რომ ეს არის ჩვეულებრივი საწარმო. რა თქმა უნდა, ყველა საწარმოს აქვს თავისი მოქმედების სფერო, რაც ამ შემთხვევაში არის მაუწყებლობა, თუმცა დროებითი მმართველების ფუნქციები არის მხოლოდ ფუნქციები ქონების შენარჩუნებასთან დაკავშირებული და შესაბამისად, მისი მიზანიც არის ეს. აქედან გამომდინარე შესაძლოა, საუბარი იყოს მხოლოდ საკუთრების უფლების შესაძლო დარღვევაზე, რასთან მიმართებაშიც ვფიქრობთ, რომ არსებობს საკმარისი რეგულაციები კანონმდებლობაში, რაც გამართლებულს ხდის ამ ჩარევას და საპირწონედ დევს სხვა ინტერესები, ის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იქნეს აღსრულებული", - აღნიშნა თამარ მესხიამ.
აღნიშნულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის ორი საკითხი, ერთი შეეხება დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმას, ხოლო მეორე დროებითი მმართველის დანიშვნას. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ განმწესრიგებელი სხდომის მიმდინარეობისას ორივე ნორმა შეაჩერა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.