თეორიულად დასაშვებია, რომ ხვალ დაგეგმილ კრედიტორთა კრებამდე "მაესტროს" გენერალურ დირექტორად ლევან გაჩეჩილაძის დარეგისტრირება მოესწროს, თუმცა პრაქტიკულად რამდენად მოესწრება, არ ვიცი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ლევან გაჩეჩილაძის ადვოკატმა ირაკლი კორძახიამ ბაია გადაბაძის განცხადების კომენტირებისას განუცხადა.
როგორც მან განმარტა, არ ეთანხმება გაბადაძეს იმ ნაწილში, რომლის მიხედვით საქალაქო სასამართლოს შემდეგ სააპელაციო სასამართლო ამ ღამით განიხილავს გადაბაძის საჩივარს, რის შემდეგაც ხვალ დილით საბოლოო გადაწყვეტილება რეესტრში შევა და გაჩეჩილაძე ტელეკომპანიის დირექტორად დარეგისტრირდება.
კორძახიას თქმით, დღეს სამუშაო საათები უკვე ამოწურულია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო გადაბაძის საჩივარს ვერ განიხილავს. თუმცა, ხვალ შესაძლებელია, რომ აღნიშნულის განხილვა მოხდეს და თეორიულად არსებობს შანსი, რომ თუკი სააპელაციო სასამართლომ გადაბაძის საჩივარი არ დააკმაყოფილა, ხვალვე მოხდეს გაჩეჩილაძის დირექტორად დარეგისტრირება. "თუმცა, ეს პრაქტიკულად რამდენად მოხერხდება, არ ვიცი", - განმარტა ადვოკატმა და აღნიშნა, რომ კრედიორთა კრებაზე "მაესტროს", რომელსაც დირექტორი არ ჰყავს, დირექტორად დარეგისტრირებული ლევან გაჩეჩილაძე უნდა იყოს წარმოდგენილი, რათა ტელეკომპანიის ინტერესები დაიცვას.
"ბაია გადაბაძე აღარ არის "მაესტროს" დირექტორი. ის არის გოგელიას მითითებების შემსრულებელი. ამას ისიც მოწმობს, რომ გოგელიას ინტერესების დამცველ ადვოკატთან ერთად დადის. მართალია, გადაბაძე რჩება რეგისტრაციაში, თუმცა, არჩეული დირექტორი არის ლევან გაჩეჩილაძე. შესაბამისად, გაჩეჩილაძის ოფიციალურად დარეგისტრირებამდე კრედიტორთა კრება არ უნდა ჩატარდეს. ჩვენ ეს მოვითხოვეთ სასამართლოში", - განაცხადა ირაკლი კორძახიამ.
მისი განმარტებით, სასამართლო ხვალ, 14:00 საათზე კრების დაწყებისას განიხილავს გაჩეჩილაძის შუამდგომლობას კრედიტორთა კრების გადადების თაობაზე და ადგილზე მიიღებს გადაწყვეტილებას. შესაბამისად, ჩატარდება თუ არა კრედიტორთა კრება, ხვალ გახდება ცნობილი.