პაატა ბურჭულაძის "საქართველოს განვითარების ფონდი" ანკარაში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
"ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ და ვუსამძიმრებ თურქეთის რესპუბლიკას, დაღუპულთა ოჯახებს და მათ მეგობრებს. ანკარაში მომხდარმა ტერაქტმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა ის უმნიშვნელოვანესი გამოწვევები, რომელთა წინაშე თანამედროვე ცივილიზებული მსოფლიო და ჩვენი ქვეყანა დგას.
ტერორისტული აქტების სამიზნე არ არის კონკრეტული სახელმწიფო ან ერი. ტერორიზმი საფრთხეს უქმნის ფუნდამენტური ღირებულებების ირგვლივ გაერთიანებულ მშვიდობისა და თავისუფლების მოყვარე ადამიანებს.
საქართველო მტკიცედ უნდა დადგეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი თურქეთის რესპუბლიკის გვერდით, გააგრძელოს და, საჭიროების შემთხვევაში, გააქტიუროს ჩვენი სახელმწიფოს მონაწილეობა საერთაშორისო ანტიტერორისტულ კამპანიებში.
საქართველო, როგორც ცივილიზებული სამყაროს სრულფასოვანი წევრი, ვალდებულია მის ხელთ არსებული ყველა შესაძლო ინსტრუმენტით ებრძოლოს ტერორიზმს", - ნათქვამია განცხადებაში.