საპარლამენტო კომიტეტს

საპარლამენტო კომიტეტს "მეწარმეთა შესახებ" და "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" კანონებში დაგეგმილ ცვლილებებზე შენიშვნები აქვს

მთავრობის მიერ "მეწარმეთა შესახებ" და "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" კანონებში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტში შენიშვნები აქვთ.

საკითხი დღეს, მეორე მოსმენით დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს და კანონპროექტის ცალკეულ ნორმებთან დაკავშირებით შენიშვნები სწორედ იქ დააფიქსირეს.

კერძოდ, შენიშვა გამოითქა პროექტის იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, "შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში დივიდენდი უნდა გაიცეს მოგების განაწილების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 12 თვის განმავლობაში". კომიტეტის წევრების განცხადებით, ისინი აღნიშნული ცვლილების მიზანს მხარს უჭერენ, თუმცა მიიჩნევენ, რომ კონკრეტული ვადის დაწესება შეიძლება ხელისშემშლელი ფაქტორი აღმოჩნდეს მიზნის მიღწევისთვის.

გარდა ამისა, ინიცირებული პროექტის თანახმად, "თუ სააქციო საზოგადოება არის "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ კანონის მიხედვით ანგარიშვალდებული საწარმო, რომლის ფასიანი ქაღალდები დაშვებულია საფონდო ბირჟის ლისტინგში, საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს ერთი წევრი მაინც უნდა იყოს პირი, რომელიც არ არის საზოგადოების თანამშრომელი ან მასთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებული პირი და არ არის ჩართული მის ყოველდღიურ საქმიანობაში და, აგრეთვე, არის დამოუკიდებელი. დამოუკიდებელი კი არის პირი, რომელიც არ არის დაკავშირებული საზოგადოებასთან სამართლებრივად ან ეკონომიკურად, მათ შორის რომელიც არ ფლობს საზოგადოების აქციებს და არ იღებს ამ საზოგადოებიდან ანაზღაურებას ან რაიმე სახის ეკონომიკურ სარგებელს, გარდა სამეთვალყურეო საბჭოს წევრობისთვის დადგენილი ანაზღაურებისა".

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრების განცხადებით, სამეთვალყურეო საბჭოში ერთი დამოუკიდებელი წევრის ყოლის აუცილებელობა მათთვის ბუნდოვანია.

რაც შეეხება "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, პროექტი ითვალისწინებს ანგარიშვალდებული საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოში აუდიტის კომიტეტის შექმნას, რომელიც კონტროლს გაუწევს ემიტენტის ფინანსური ანგარიშგების უტყუარობას, უზრუნველყოფს შიდა კონტროლის სისტემის ეფექტურობას და წარმართავს გარე აუდიტორებთან ურთიერთობას. ამასთან, ანგარიშვალდებული საწარმოს აქციონერს უფლება ექნება მიიღოს ინფორმაცია ანგარიშვალდებული საწარმოს დირექტორების მიერ საწარმოდან მიღებული შემოსავლების სქემების შესახებ.

საკანონმდებლო ინიციატივა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკუთვნის.