საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით სოფელ ციხისძირში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე.
როგორც პროკურორმა არჩილ ტყეშელაშილმა განმარტა, დადგინდა, რომ სოფელ ციხისძირში, სანაპირო ზოლში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, ოფშორულ კომპანია REDMAN FEDERATION INC -ს ეკუთვნის, რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა ყალბი დოკუმენტაციის საფუძველზე.
„დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით. მოცემული საქმის გამოძიების პროცესში დაიკითხა არაერთი მოწმე. ეკონომიკის სამინისტროდან და საჯარო რეესტრის სააგანტოდან გამოთხოვილი იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია. დადგინდა, რომ ქობულეთში, სოფელ ციხისძირში, სანაპირო ზოლში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი 10 ჰა მიწის ნაკვეთი, ოფშორულ კომპანია REDMAN FEDERATION INC-ის სახელზე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, დარეგისტრირდა ყალბი დოკუმენტაციის საფუძველზე. რეგისტრაცია განხორციელდა 2011 წლის 05 აგვისტოს, ეკონომიკის სამინისტროსა და ოფშორულ კომპანია REDMAN FEDERATION INC-ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულების ხელმოწერაზე ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან უფლებამოსილი პირის დაკითხვით გამოირკვა, რომ ხელმოწერა მას არ ეკუთვნის და მსგავსი სახის ხელშეკრულებაზე ხელი არ მოუწერია, ასევე დადგინდა, რომ ეკონომიკის სამინისტროს ხელშეკრულებაზე ხელმოწერის რწმუნებულება არ გაუცია. ამასთან, ოფშორული კომპანიის წარმომადგენელი, რომლის ხელმოწერაც დაფიქსირებულია ხელშეკრულებაზე, საერთოდ არ არის ნამყოფი საქართველოში.“ -განაცხადა პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა.