დღეს, საქართველოს პარლამენტში, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ეთიკის ოფისის აპარატის უფროსსა და მთავარ იურისტთან ომარ აშმავისთან და მის მოადგილესთან პოლ სოლისთან შეხვედრები გაიმართა.
პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს წევრებმა ომარ აშმავისთან და პოლ სოლისთან ეთიკის კოდექსის შემუშავების, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ეთიკის ოფისის შექმნის ისტორიასა და მის გამოცდილებაზე ისაუბრეს. აშშ კონგრესის ეთიკის ოფისის აპარატის უფროსის მოადგილის განცხადებით, ეთიკის კოდექსი კონგრესის რეგლამენტის ნაწილია. ომარ აშმავიმ და პოლ სოლისმა საქართველოს პარლამენტის წევრებს კონგრესის წევრებისა და თანამშრომლების მხრიდან ეთიკის კოდექსის დარღვევის შემთხვევაში ეთიკის ოფისის მიერ გამოძიების პროცედურაც გააცნეს და შეკითხვებსაც უპასუხეს. ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს წევრები გამოძიების დაწყების საფუძვლებით, ბრალეულობის დადგენის შემთხვევაში გათვალისწინებული სანქციებით, ეთიკის კოდექსის დარღვევის სტატისტიკით, ოფისის დირექტორთა საბჭოს ფუნქცია-მოვალეობებით და ეთიკის ოფისის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხებით დაინტერესდნენ.
"ხანდახან გვეჩვენება, რომ ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ, მაგრამ მიმაჩნია, რომ პოლიტიკური კულტურა საქართველოში თანდათანობით, იმ დონეზე ავიდა, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია, რომ ჩვენ ამ მიმართულებით შედეგებს მივაღწევთ", - განაცხადა ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს წევრმა, გუგული მაღრაძემ.
დღესვე, აშშ კონგრესის ეთიკის ოფისის აპარატის უფროსსა და მის მოადგილეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი შეხვდა.