ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფით ეროვნულმა ბანკმა პირველადი ფუნქციის განხორციელება შესაძლოა ვერ შეძლოს

ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფით ეროვნულმა ბანკმა პირველადი ფუნქციის განხორციელება შესაძლოა ვერ შეძლოს

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა რომ განახორციელოს, მას სჭირდება მექანიზმები, რომელთა გადაცემა საფინანსო ინსტიტუტების საშუალებით ხდება, - ამის თაობაზე ეროვნული ბანკის საბჭოში წარდგენილმა კობა გვენეტაძემ ეროვნული ბანკიდან ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, დეპუტატების კითხვის საპასუხოდ, გვენეტაძემ ეროვნული ბანკის და ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის ერთად ყოფნის უპირატესობას გაუსვა ხაზი. ამასთან, აღნიშნა ისიც, რომ არსებობს ქვეყნები, სადაც ფინანსური ზედამხედველობის სამსახური და ეროვნული ბანკი არის ცალ-ცალკე და არის ქვეყნები – სადაც არის ერთად.

"ბევრმა კვლევამ აჩვენა და იყო მიდგომა, რომ ერთ ორგანიზაციაში მონეტარულ პოლიტიკისა და მაკროპროდენციულ პოლიტიკას შორის შეიძლება არსებობდეს გარკვეული ჭიდილი და დაპირისპირება და ამიტომ ინფლაციას და ფინანსურ სტაბილურობას ამით პრობლემა შეექმნას. 2008 წლის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, ეს გარკვეულწილად შეიცვალა და სამეცნიერო ლიტერატურაშიც არის მოსაზრება, რომ ამ ორი ფუნქციის ერთად არსებობა შესაძლებელია. უფრო მეტიც, თუ ეს ფუნქციები კარგად არის განსაზღვრული და გააზრებული წესით მას პრობლემები არ უნდა შექმნას. ერთ ჭერქვეშ შეიძლება უფრო ადვილიც იყოს პრობლემის მოგვარება, ვიდრე ცალ-ცალკე ორგანიზაციებში, როცა სხვადასხვა მანდატი ექნებათ", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, იმისათვის, რომ ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა განახორციელოს, მას სჭირდება მექანიზმები, რაც საფინანსო ინსტიტუტების საშუალებით ხდება.

"ეს არის იგივე ლიკვიდირებული მართვა, რეფინანსირების განაკვეთი და ასე შემდეგ. თუკი გაყოფილი იქნება, ეს ფუნქცია შეიძლება ეროვნულ ბანკს შეეზღუდოს და შეიძლება პირველადი ფუნქცია, რაც არის სტაბილური და დაბალი ინფლაციის შენარჩუნება, ვერ შეძლოს", - განამარტა კობა გვენატაძემ.