ციხეებში რეფორმასთან დაკავშირებით, ჩვენ ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე ვართ პოსტსაბჭოთა სივრცეში

ციხეებში რეფორმასთან დაკავშირებით, ჩვენ ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე ვართ პოსტსაბჭოთა სივრცეში

ევროპის საბჭოს რეგიონულ კონფერენციაზე ციხეებში გადატვირთულობის საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრეს. როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა განაცხადა, 2012 წლიდან ციხეებთან დაკავშირებით ინტენსიური რეფორმირება მიმდინარეობს.

"ციხეებში რეფორმასთან დაკავშირებით, ჩვენ ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე ვართ პოსტსაბჭოთა სივრცეში. ჩვენ განვიხილავთ კონკრეტულად ციხეების გადატვირთულობის პრობლემებს და ამავდროულად რეფორმირებას ამ დარგის, მეტად მნიშვნელოვანი დარგის, ვინაიდან ამ დარგზეა დამოკიდებული ქვეყნის სტაბილურობა. ერთი მხრივ, აუცილებლად დაცული უნდა იყოს ადამიანის უფლებები, მეორე მხრივ, დაცული უნდა იყოს სარეჟიმო პირობები. ეს ბალანსი ყოველთვის უნდა იყოს შენარჩუნებული. არ შეიძლება ეს სისტემა არ დადგეს ძალიან მყარ განვითარების ლიანდაგზე და იყოს დამოკიდებული კონკრეტულად პოლიტიკურ პროცესებზე. ეს სისტემა უნდა იყოს მყარად დეპოლიტიზებული, ორიენტირებული მხოლოდ და მხოლოდ სარეჟიმო პირობების დაცვაზე და ადამიანის უფლებების დაცვაზე", - განაცხადა კახა კახიშვილმა.

ევროპის საბჭომ დღეს, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" რეგიონული კონფერენცია გამართა. კონფერენციის თემაა "აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ციხის გადატვირთულობის პრობლემებზე რეაგირება სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კუთხით".