"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი, ირაკლი ალასანია სამინისტროების მაკონტროლებელი ორგანოს შექმნას გაუმართლებლად და არასწორად მიიჩნევს.
როგორც ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის იმის დადასტურება, რომ მთავრობა აბსოლუტურად არაფერს აკეთებს და უუნაროა.
"გაუმართლებლად და არასწორად მიმაჩნია ე.წ. სპეციალური სამსახურის შექმნა. ეს არის დადასტურება იმის, რომ მოქმედი მთავრობა არის აბსოლუტურად არაფრის მაქნისი და უუნარო. მაშინ კაბინეტი რისთვის არის საჭირო და საერთოდ მართვის სტილი როგორია მთავრობაში, რომ საჭიროა დამატებითი სპეციალური სამსახურის და ბიუროკრატიის შექმნა. ეს არის გაუმართლებელი და არასწორი. ამით მთავრობამ აღიარა, რომ არ ყავთ სწორი და პროფესიონალი კადრები. დამატებითი ბიუროკრატია საქართველოს არ სჭირდება", - განაცხადა ალასანიამ.
რაც შეეხება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებას, რამდენიმე სამინისტროს გაუქმების შესახებ, როგორც "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა აღნიშნა, ქადაგიძის განცხადებაზე კომენტარს არ გააკეთებს, რადგან "თავისუფალ დემოკრატებს" ამასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა აქვთ, რომელსაც საარჩევნო კამპანიისას გააჟღერებს.