იმდენი რამ იყო გაფუჭებული, შეუძლებელია, ასე უცბად სრულფასოვანი დემოკრატია ამოქმედდეს, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
როგორც თავდაცვის მინისტრმა განმარტა, ეს არის ძალიან გრძელი პროცესი, "უბრალოდ ჩვენ ბევრი დრო არ გვაქვს და ამიტომ ვჩქარობთ".
"ჩვენ სულ სამი წელია, ხელისუფლებაში ვართ. იმდენი რამ იყო გაფუჭებული, რომ შეუძლებელია ასე უცბად, ერთ დღეში სრულფასოვანი დემოკრატია ამოქმედდეს. ეს არის ძალიან გრძელი პროცესი, უბრალოდ ჩვენ ბევრი დრო არ გვაქვს და ამიტომ ვჩქარობთ. ამ სიჩქარეში შეიძლება რაღაც შეგეშალოს კიდეც, მაგრამ მთავარია ამ შეცდომაში არ გაჯიუტდე", - განაცხადა ხიდაშელმა.
თავდაცვის მინისტრმა იმ რეფორმების შესახებ ისაუბრა, რომელიც საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.
"ნატო არ არის მხოლოდ სამხედრო ერთობა, ნატო არის სამხედრო პოლიტიკური ერთობა. წევრ ქვეყნებს თავდაცვისუნარიანობის თავსებადობის კუთხით მაღალი ხარისხი აქვთ, მაგრამ, ამავდროულად, არიან დემოკრატიული სახელმწიფოები. ბუნებრივია, რომ მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო ვერ იქნება უწყება, რომელსაც უყურებენ, აანალიზებენ, მონიტორინგს უწევენ", - განაცხადა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, 2012 წლის შემდეგ სამი ამოცანა იყო გადასაწყვეტი.
"ყველაზე სასწრაფო იყო, გაგვეწყვიტა უკანონობის ის ჯაჭვი, რომელიც ერთი ადამიანის კანონზე მაღლა დგომას და პოლიტიკური ხელმძღვანელობის ყველაფერში ჩარევას მოიცავდა. მეორე ამოცანა იყო ინსტიტუციური რეფორმების პაკეტების შემუშავება, სასამართლო რეფორმა. ჩვენი სფერო რომ ავიღოთ, მაგალითად, სამხედრო პოლიცია იყო ჩვეულებრივი პოლიტიკური ძალადობის და ანგარიშსწორების ინსტრუმენტი, ყოველგვარი გადამეტების გარეშე. ეს, რა თქმა უნდა, უნდა შეცვლილიყო და სერიოზული რეფორმები გატარებულიყო, რაც ირაკლი ალასანიას მინისტრობის დროს ნამდვილად გაკეთდა. მესამე იყო თავისუფალი აზროვნების პრობლემა... რასაც პროკურორი ეტყოდა მოსამართლეს, ის უნდა დაეწერა განაჩენში, ამიტომ ის აღარ აზროვნებდა. იცოდა, რომ უნდა გადაეკოპირებინა ტექსტი. ჩვენი ამოცანა იყო, ვიდრე რეფორმა დასრულდებოდა, ქაოსი არ ყოფილიყო ქვეყანაში", - განაცხადა ხიდაშელმა.
როგორც თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რეფორმები განხორციელდა, მაგრამ პროცესი ჯერ დასრულებული არ არის და ხელისუფლება ამას არც მალავს.
"ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ ამ თვალსაზრისით განწყობებს ჩვენ მიმართ, ამის ყველა საფუძველი მაქვს. უამრავი შეხვედრის, კონფერენციის, საერთაშორისო ღონისძიების, სამიტის, მინისტერიალების მონაწილე ვარ ამ სამი წლის განმავლობაში და ზუსტად ვიცი, როგორი არის განწყობა, როდესაც კარი იხურება და უკვე გულწრფელი საუბარი მიდის მხარეებს შორის და კიდევ უფრო მეტი ოპტიმიზმით ვუყურებ, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის რესურსს, რომელიც საქართველოში არსებობს და რომელსაც შეუძლია, რომ ეს წინააღმდეგობები გადალახოს, თუ ხელოვნურ ბარიერებს მოვუხსნით", - განმარტა თავდაცვის მინისტრმა.
თინათინ ხიდაშელის კომენტარს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.