პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, თამაზ მეჭიაური მიიჩნევს, რომ ,,მრეწველებსა" და ,,რესპუბლიკელებს" შორის არსებული უთანხმოება, ქვეყნის ინტერესებს აზიანებს.
,,არ მინდა ვინმეს ბრალეულობის საკითხი განვიხილო, უბრალოდ ვიძახი, რომ არც ერთი მხარე არ არის მართალი, რადგან ერთმა მხარემ მიაყენა შეურაცხყოფა მეორე მხარეს. ეს მეტი დოზით ვინ გააკეთა, ცალკე სასაუბრო თემაა. არის ერთი გამოსავალი. ყველამ იყაროს კენჭი დამოუკიდებლად. ვისაც ერთმანეთის გარეშე პოლიტიკური ცხოვრება არ შეუძლია, მერე ერთად დაწყვილდნენ და მშვიდობაში მოიხმარონ ის მანდატები, რომელსაც მოსახლეობა მისცემს. ამ პოლიტიკურ ძალებს აერთიანებთ მხოლოდ ერთი რამ, პარლამენტში მოხვედრის გარანტია. აქედან გამომდინარე მერე თავს იჩენს შეუთავსებლობა, რაც აზიანებს არამხოლოდ კოალიციას, არამედ ქვეყნის ინტერესებსაც", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
გუშინ პარლამენტში დეპუტატები ზურაბ ტყემალაძე, გოგი თოფაძე და დავით ბერძენიშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება დავით ბერძენიშვილის მიერ სხდომაზე გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია. ბერძენიშვილმა თოფაძის მიერ ბოლო პერიოდში თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები არასახელმწიფოებრივად მიიჩნია.
სხდომაზე დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა, თუმცა მანდატურებმა მათი გაშველება შეძლეს.