ნებისმიერ ადამიანს თავისი საქმიანობის თუ უსაქმურობის ყველა სტადიაში სჭირდება ფულის სწორად კონტროლი. ფულის სწორად კონტროლში, ზოგადად, იგულისხმება ხოლმე რაიმე კონკრეტული დროის (ძირითადად თვის) მანძილზე დაგეგმვა იმისა, თუ როგორ და რაში უნდა დაიხარჯოს შემოსავალი, აქ ასევე უნდა იქნას გათვალისწინებული ისიც, რომ სასურველია შემოსავალსა და დანახარჯს შორის ისეთი სხვაობა დარჩეს, რომ დანაზოგიც გაკეთდეს. მაგრამ დღეს მე სრულიად სხვამხრივ კონტროლზე მინდა ვისაუბრო. ეს არის შემოსავლისა და დანახარჯების კონტროლი ისე, რომ გათვალისწინებულ იქნას ვალუტის კურსი. შეიძლება რთულად ვთქვი და მიხვედრა გაგიჭირდეთ, ამიტომ, ვეცდები, უფრო მარტივად ავხსნა. ვთქვათ, ჩვენი თვიური შემოსავალი არის 1000 ლარი, რაც მიმდინარე კურსით (2.49) დაახლოებით 400 დოლარია. მაგრამ რამდენი გახდება ეს ჩვენი შემოსავალი, თუკი დოლარსა და ლარს შორის კურსი 2.49 -ის მაგივრად იქნება 2.6? იგი გახდება დაახლოებით 380 დოლარი. ალბათ თქვენც დაინახეთ, კურსის ერთი მეათედით ცვლილებამ უკვე დაახლოებით 50 ლარიანი ვარდნა გამოიწვია ჩვენი შემოსავლისა.
მაგრამ რატომ უნდა გავითვალისწინოთ უცხოური კურსი, როდესაც საქართველოს ფარგლებს არ ვცდებით? პასუხი მარტივია! საქართველოში მხოლოდ ქართული პროდუქტი არ არის. არსებობს ათასობით კომპანია, რომელსაც საქონელი თუ მომსახურება უცხოეთიდან შემოაქვს, კურსის ცვალებადობასთან ერთად, ლოგიკურია, მათი ფასიც შეიცვლება. სწორედ ამიტომაა აუცილებელი, რომ ხალხმა ვალუტის კურსის ცვალებადობას თვალყური ადევნოს.
და ცვალებადობა არ ხდება მხოლოდ პროდუქტებსა და მომსახურებებში - უზუსტობა მოხდება იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც სესხი აღებული აქვს უცხოურ ვალუტაში. ვალუტის კურსის ცვალებადობამ შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ გადასახდელი აღმოგვაჩნდეს იმაზე მეტი, ან ნაკლები, ვიდრე ვიხდიდით. ეს მაგალითი დღესდღეობით ქართველი მოსახლეობისთვის ძალიან ნაცნობია - ლარის კურსის ძლიერმა ვარდნამ დოლარის მიმართ, გამოიწვია ის, რომ სესხის დოლარში მფლობელებს უწევთ მეტი ლარის გადახდა, ვიდრე იხდიდნენ.