სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირთა კატეგორიას ცნება "მიუსაფარი ბავშვი" ემატება. ასეთი ბავშვების დოკუმენტაციის მოწესრიგების მიზნით კი, სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლება ეძლევა, შესაბამისი მოთხოვნით სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართოს.
ამასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა განიხილა.
როგორც იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის, თუ ვინ მიეკუთვნება ქუჩაში მცხოვრები ბავშვების კატეგორიას. ისინი არ არიან აღრიცხულნი და არ გააჩნიათ საიდენტიფიკაციო დოკუმენტაცია - დაბადებისა და პირადობის მოწმობები, პასპორტი, რადგან მათი მშობლები და მეურვეები ვერ ახერხებენ ან არ თვლიან საჭიროდ მათთვის დოკუმენტაციის მოწესრიგებას. სამინისტროს ინფორმაციით, ამის გამოც ბავშვები ვერ იღებენ განათლებას, არ არიან ჩართული სოციალური თუ სამედიცინო სახის სახელმწიფო პროგრამებში, ხოლო ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში, არ არსებობს მოძალადისგან მისი მყისიერად განცალკევების მექანიზმი.
კანონპროექტს "მიუსაფარი ბავშვის" ცნება შემოაქვს, რაც შესაბამის სტრუქტურებს საშუალებას მისცემს, არა მხოლოდ ობოლი, უსახლკარო, არამედ უგულებელყოფილი ბავშვიც დაიცვას.
ამავე საკანონმდებლო პაკეტში წარმოდგენილია ინიციატივა, რომელიც ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში, სოციალურ მუშაკს უფლებამოსილებას ანიჭებს, ბავშვი მოძალადე ოჯახის წევრისგან, კანონიერი წარმომადგენლის ან სხვა პირისგან განაცალკევოს.
სოციალური მუშაკის მიერ ბავშვის განცალკევებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობა კი, გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 7-დღემდე ვადით, ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით.