ფირცხალავას და ცააძის დნმ-ის ნიმუშები ვაზაგაშვილის მკვლელობის ადგილას ფალიაზე აღმოჩენილ დნმ-ის კვალს არ დაემთხვა

ფირცხალავას და ცააძის დნმ-ის ნიმუშები ვაზაგაშვილის მკვლელობის ადგილას ფალიაზე აღმოჩენილ დნმ-ის კვალს არ დაემთხვა

ირაკლი ფირცხალავას და გიორგი ცააძის დნმ-ის ნიმუშები იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ადგილას ფალიაზე აღმოჩენილ დნმ-ის კვალს არ დაემთხვა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მთავარ პროკურატურაში განუცხადეს.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ გენეტიკური ანალიზის შედეგები გუშინ მიიღო.

"გიორგი ცააძისა და ირაკლი ფირცხალავას დნმ-ის ნიმუშები არ ემთხვევა სოფელ ყარაფილას სასაფლაოზე იური ვაზაგაშვილის აფეთქების ადგილას ფალიაზე აღმოჩენილ დნმ-ის კვალს", - განაცხადეს მთავარ პროუკურატურაში.

ე.წ. კორტების საქმეზე მსჯავრდებულ ფირცხალავას და ცააძეს ე.წ. მატროსოვის ციხეში დნმ-ის ნიმუშები სასამართლოს განჩინების საფუძველზე მიმდინარე წლის 29 იანვარს აუღეს. როგორც 29 იანვარს ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ მთავარი პროკურატურის გამომძიებელმა გიორგი ლომთაძემ განაცხადა, გამოძიება მუშაობს იური ვაზაგაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე დამკვეთებისა და დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით და დნმ-ის ნიმუშების აღება სწორედ აღნიშნულ გამოძიებას უკავშირდებოდა. მან განმარტა, რომ ფირცხალავასა და ცააძის დნმ-ის ნიმუშები უნდა შედარებოდა ვაზაგაშვილის აფეთქების ადგილზე ამოღებულ ფალიაზე აღმოჩენილ დნმ-ის მესამე კვალს, რომლის იდენტიფიცირება ჯერჯერობით არ მომხდარა. ასევე გამომძიებელმა 29 იანვარს ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ განმარტა, რომ მესამე კვალი იური ვაზაგაშვილს არ ეკუთვნის.

მედია დაინტერესდა არსებობს თუ არა შესაძლებლობა ცააძეს ან ფირცხალავას იური ვაზაგაშვილის მკვლელობის დანაშაულთან კავშირი ჰქონდეს, რაზეც გიორგი ლომთაძემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე გამოძიება დნმ-ის ნიმუშების შედარებით შემოიფარგლება.

იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე გია სოსანაშვილს უკვე მიესაჯა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას ბრალად დაედო 2015 წლის 20 იანვარს კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში შვილის საფლავზე იური ვაზაგაშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობა.