ტერიტორიული კონფლიქტის მიუხედავად, საქართველო ნატო-ს წევრი მაინც გახდება და ამ მოსაზრებას ალიანსის ყველა წევრი იზიარებს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ აზერბაიჯანულ სააგენტო "ტრენდთან" საუბარში განაცხადა.
"2008 წლის კონფლიქტი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების საკითხს ართულებს. რა თქმა უნდა, ეს ხვალ არა, მაგრამ მაინც მოხდება", - განაცხადა აპატურაიმ.
მისივე ინფორმაციით, საქართველოს ჯერ კიდევ აქვს გასატარებელი რეფორმები, რომელზეც მხარეები ამჟამად მუშაობენ.
"ჩვენ ახლა ვმუშაობთ ჩვენი ურთიერთობის გაფართოებაზე და იმედი გვაქვს, რომ კონფლიქტი მალე გადაწყდება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გათვალისწინებით. ამჟამად ჩვენ ურთიერთობის გაღრმავებაზე ვმუშაობთ და საქართველოს ნატო-ში შესაძლო წევრობისთვის ვამზადებთ", - განაცხადა აპატურაიმ.