ერაყში რადიაქტიური მასალა დაიკარგა. როგორც "ბიბისი" წერს, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა.
უწყების პრესმდივნის მარკ ტონერის შეფასებით, არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ საშიში მასალა ისლამისტებმა ჩაიგდეს ხელში. ტონერის თქმით, აშშ სიტუაციას ყურადღებით აკვირდება.
ერაყის მთავრობის ინფორმაციით, გასული წლის ნოემბერში 10 გრამი რადიაქტიური მასალა ირიდიუმ-192 დაიკარგა, რომელიც ქალაქ ბასრაში, ამერიკულ კომპანია Weatherford-ის საწყობში ინახებოდა.
ამის შესახებ ოფიციალურმა ბაღდადმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსაც აცნობა, თუმცა დახმარება არ უთხოვია.
ერაყის მთავრობაში შიშობენ, რომ რადიაქტიური მასალა შესაძლოა, "ისლამური სახელმწიფოს" წევრებმა მოიპოვონ და იარაღის შესაქმნელად გამოიყენონ.