რუსეთში

რუსეთში "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლების ყალბი დოკუმენტების დამზადების ბრალდებით 14 ადამიანი დააკავეს

რუსეთში "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლთათვის ყალბი დოკუმენტების დამზადების ბრალდებით 14 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ რუსული მედია უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.

სპეცსამსახურების ინფორმაციით, შსს-სთან ერთად ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, გამოვლინდა კონსპირაციული საერთაშორისო კრიმინალური დაჯგუფება, რომლის მომსახურებითაც სარგებლობდნენ როგორც რუსეთის, ისე დსთ-ს სხვა ქვეყნების მოქალაქეები.

"ჯგუფის მონაწილეები ყალბ დოკუმენტებს ამზადებდნენ იმ მებრძოლთათვის, რომლებიც "ისლამური სახელმწიფოს" მხარეზე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად სირიაში არალეგალურად ჩადიოდნენ, ასევე იმ მებრძოლებისთვის, რომლებსაც რუსეთში ორგანიზაციის ხელმძღვანელები ტერორისტული და ექსტრემისტული საქმიანობის განსახორციელებლად აგზავნიდნენ", - ნათქვამია განცხადებაში.