ავსტრიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კონსტანტინე ზალდასტანიშვილის შეფასებით, ავსტრიის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანა მნიშვნელოვანია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის დადებითად დასრულებისთვის.
როგორც ზალდასტანიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ავსტრიის მთავრობის გადაწყვეტილებით, რომელიც 16 თებერვლით თარიღდება, უსაფრთხო ქვეყნების სიას, რომელშიც ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ავსტრალია, ისლანდია, კანადა, ლიხტენშტეინი და სხვები შედიან, საქართველო შეემატა.
"ავსტრიას ამ სიაში შეჰყავს ისეთი ქვეყნები, რომელშიც არ ხდება პოლიტიკური ნიშნით დევნა, ასევე, ადგილი არ აქვს არაადამიანურ ან დამამაცირებელ მოპყრობას და განხორციელებულია დემოკრატიული რეფორმები", - განაცხადა ელჩმა.
კონსტანტინე ზალდასტანიშვილი ადასტურებს, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებს ავსტრიაში თავშესაფრის მიღებას გაურთულებს.
"მიგრანტთა უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნის სტატუსი ითვალისწინებს ამ ქვეყნის მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნის თაობაზე წარდგენილი განცხადების განხილვას დაჩქარებულ ვადაში, მაქსიმუმ 10 დღის განმავლობაში და როგორც წესი, მთავრდება ნეგატიური შედეგით, ვინაიდან იგულისხმება, რომ ამ ქვეყანაში არ ხდება პოლიტიკური დევნა, ადამიანის მიმართ დამამცირებელი მოპყრობა და ა.შ.", - განაცხადა კონსტანტინე ზალდასტანიშვილმა.
ავსტრიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების კატეგორიაში შეიყვანა. 2016 წლის 17 თებერვალს ძალაში შევიდა ავსტრიის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება, რომლის თანახმადაც უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების სიას დამატებით 6 ქვეყანა, მათ შორის, საქართველო შეუერთდა. დადგენილება ავსტრიის ფედერაციულ კანონთა კრებულში 16 თებერვალს გამოქვეყნდა და მასში აღნიშნულია, რომ თავშესაფრის მაძიებელთა უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების სიას საქართველო, ალჟირი, განა, მაროკო, მონღოლეთი და ტუნისი დაემატა.