ევროკავშირის სამიტზე შესაძლოა, მერკელის ბედიც გადაწყდეს – სტატიას ამ სათაურით გავლენიანი გერმანული გამოცემა "დოიჩე ველე" აქვეყნებს.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ბრიუსელში ორდღიან შეხვედრას დღეს იწყებენ.
"ანგელა მერკელს სულ უფრო ნაკლები კოლეგა ჰყავს, რომელიც იზიარებს მის მიდგომას ევროკავშირის მწვავე მიგრაციული კრიზისის საკითხზე. იზრდება მერკელის ოპონენტთა რაოდენობა ქვეყნის შიგნითაც", - წერს "დოიჩე ველე".
გამოცემის მოსაზრებით, ევროკავშირში განხეთქილება ფაქტობრივად უკვე მოხდა. კვირის დასაწყისში, ბერლინის დემარშის მიუხედავად, უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი ფაქტობრივად შეთანხმდნენ ლტოლვილებისთვის რკინის ფარდის ჩამოშვებაზე და ე.წ. ბალკანური მარშრუტის გადაკეტვაზე.
გასულ წელს მილიონზე მეტი მიგრანტიდან 600 000-ზე მეტი ევროკავშირის ქვეყნებში სწორედ ამ მარშრუტით ჩავიდა – ჯერ თურქეთიდან საბერძნეთში, შემდეგ კი მაკედონიისა და სერბეთის გავლით ავსტრიისა და გერმანიის მიმართულებით.
"დოიჩე ველე" წერს, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ანგელა მერკელის გეგმებს ადრეც სკეპტიკურად უყურებდნენ, თუმცა ახლა, უკვე ავსტრიამაც, რომელიც დღემდე მერკელის მოკავშირედ მიიჩნეოდა, სასაზღვრო კონტროლის გამკაცრება გადაწყვიტა.
წლის დასაწყისიდან სასაზღვრო კონტროლი შვედეთმაც დააწესა, საფრანგეთმა კი, რომელიც გერმანიის ტრადიციულ მოკავშირედ და პარტნიორად მიიჩნევა, ასევე განაცხადა, რომ მზად არ არის 30 000-ზე მეტი მიგრანტი მიიღოს.
მერკელის მთავარი ამოცანაა მიაღწიოს კონსენსუსს საკითხზე, რომ ლტოლვილთა პრობლემა არ წყდებოდეს შენგენის ზონის შიგნით სასაზღვრო შლაგბაუმების საშუალებით, არამედ თურქეთის დახმარებით და ევროკავშირის გარე საზღვრების დაცვის ხარჯზე.
ბოლო რამდენიმე თვეა მერკელი ცდილობს დაარწმუნოს ანკარა და ევროკავშირი, რომ მოხდეს დამტკიცებული გეგმის რეალიზება, რომლის თანახმად, თურქეთი მიგრანტთა ნაკადს შეაჩერებს და უკან მიიღებს ევროკავშირის ქვეყნებში მყოფ ლტოლვილთა ნაწილს. საპასუხოდ ევროკავშირი თურქეთს წელიწადში სამ მილიარდ ევროს სთავაზობს. მაგრამ თურქეთი მიიჩნევს, რომ ეს თანხა საკმარისი არ არის, ევროკავშირის ქვეყნები კი ეჭვობენ, რომ ანკარა მიგრანტთა ნაკადის შეჩერებას ვერ შეძლებს.
"ამიტომ გერმანელი მიმომხილველების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ლტოლვილთა პრობლემის გადაწყვეტის საკითხში არსებითი პროგრესი მიღწეული არ იქნება, მერკელი კი ბრიუსელიდან ცარიელი ხელებით დაბრუნდება. რა მოხდება ასეთ შემთხვევაში? "დოიჩე ველეს" წყაროების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში უკვე ემზადებიან იმისთვის, რომ პარასკევს ღამით ფაქტობრივად ჩაკეტონ გერმანული საზღვრები – საწყის ეტაპზე ორი კვირით", - წერს გერმანული გამოცემა.
სტატიის თანახმად, ასეთი სცენარის განვითარების შემთხვევაში შენგენის დასასრული გარდაუვალი იქნება, ამას კი ევროპული ქვეყნების ეკონომიკებისთვის კატასტროფული შედეგი მოჰყვება.
"დოიჩე ველეს" გაესაუბრნენ ბუნდესტაგის დეპუტატებიც. "ზოგიერთი დეპუტატი კანცლერის გადადგომას არ გამორიცხავს", - წერს გამოცემა.