საერთაშორისო საზოგადოება თურქეთს, ანკარაში მომხდარი ტერაქტის გამო თანაგრძნობას უცხადებს

საერთაშორისო საზოგადოება თურქეთს, ანკარაში მომხდარი ტერაქტის გამო თანაგრძნობას უცხადებს

საერთაშორისო საზოგადოება თურქეთს, ანკარაში მომხდარი ტერაქტის გამო თანაგრძნობას უცხადებს. ამის შესახებ თურქული სააგენტო "ანადოლუ" იტყობინება. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარკ ტონერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე თურქეთს აშშ-ის სახელით "გულწრფელი სამძიმარი" გამოუცხადა. 

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გერმანია "ამ მწუხარე წუთებში თურქეთთან ერთად არის".

თურქეთს თანაგრძნობა გამოუცხადეს ასევე საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, საბერძნეთმა, რუმინეთმა, უნგრეთმა, ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ და პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა. 

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კი წერილობით განცხადებაში ანკარაში მომხდარი ტერაქტი დაგმო.

"მკაცრად ვგმობ ტერორისტულ აქტს, რომელიც ანკარას გულში, სამხედრო პერსონალის წინააღმდეგ იყო მიმართული. თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და თურქ ხალხს. ნატო ტერორიზმთან ბრძოლაში თავის მოკავშირესთან ერთადაა", - ნათქვამია განცხადებაში. 

ანკარაში მომხდარი ტერაქტი ევროკავშირმაც დაგმო. შესაბამისი განცხადება ევროკომისრებმა ფედერიკა მოგერინიმ და იოჰანეს ჰანმა გააკეთეს.