თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ თაიპ ერდოღანი ანკარაში მომხდარ ტერაქტს გამოეხმაურა. "ტერაქტები, რომელიც მიმართულია ჩვენი ერის ერთიანობისა და თანასწორუფლებიანობის წინააღმდეგ, მხოლოდ გვაერთიანებს ბოროტებასთან ბრძოლაში.
თურქეთის კანონიერი უფლება თავდაცვაზე მსჯელობის საგანი არ არის. ჩვენს უფლებებს გამოვიყენებთ ყველგან და ყოველთვის, როცა საჭიროდ ჩავთვლით",- ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის განცხადებაში.
ანკარაში ძლიერი ტერაქტი გუშინ მოხდა, შედეგად დაიღუპა სულ მცირე 28 ადამიანი, 61 კი დაშავდა.
როგორც "ბიბისი" ანკარის გუბერნატორის კანცელარიაზე დაყრდნობით იტყობინება, დანაღმული ავტომობილი პარლამენტისა და გენშტაბის შენობების სიახლოვეს აფეთქდა.
მოგვიანებით აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.
მომხდარის გამო პრეზიდენტმა ერდოღანმა აზერბაიჯანში დაგეგმილი ვიზიტი გადადო, პრემიერ-მინისტრმა აჰმეთ დავუთოღლუმ კი, ბრიუსელში ვიზიტი, სადაც მიგრაციული კრიზისის საკითხზე შეხვედრა იყო დაგეგმილი.
პასუხისმგებლობა ანკარაში მომხდარი ტერაქტისთვის ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.
როგორც "ბიბისი" წერს, თურქეთის უშიშროების სამსახურები ვარაუდობენ, რომ აფეთქება "ისლამური სახელმწიფოს" ან "ქურთისტანის მუშათა პარტიის" მიერ იყო ორგანიზებული.