ევროპის საბჭო ხვალ, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" რეგიონულ კონფერენციას გამართავს. კონფერენციის თემაა "აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ციხის გადატვირთულობის პრობლემებზე რეაგირება სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კუთხით".
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისიდან აცნობეს, რეგიონულ კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, სომხეთის, უკრაინისა და მოლდოვის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის და იუსტიციის სამინისტროების ხელმძღვანელი პირები, ევროპის საბჭოს სისხლის სამართლის თანამშრომლობის სამმართველოსა და წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის წარმომადგენლები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
"რეგიონული კონფერენციის მიზანია წარმოადგინოს ციხის გადატვირთულობის პრევენციისა და აღმოფხვრის კუთხით აღმოსავლეთ პარტნიორობის ოთხ ქვეყანაში ჩატარებული კვლევის შედეგები, რომლის შედეგად ხელი შეუწყოს რეგიონულ დონეზე სამომავლო თანამშრომლობასა და პრობლემების გადაწყვეტას", - აღნიშნულია ევროპის საბჭოს ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, რეგიონული კონფერენცია ტარდება სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვის, უკრაინისა და ბელორუსისთვის ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის ჩარჩო პროგრამის ფორმატში ევროპის საბჭოს მიერ განხორციელებული რეგიონული პროექტის "პენიტენციური რეფორმის მხარდაჭერა (სადამსჯელოდან სარეაბილიტაციო მიდგომაზე გადასვლა)" ფარგლებში.