ჩვენ გვინდა ვიყოთ საქართველოში, მაგრამ ჩვენი ბიზნესი უნდა იყოს დაცული, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა ყაზახეთის ვიცე პრემიერმა, ბაკიტჟან საგინტაევმა სასტუმრო "თბილისი მარიოტში" განაცხადა, სადაც საქართველოსა და ყაზახეთის სამთავრობო უწყებების გაფართოებული შეხვედრა გაიმართა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ბაკიტჟან საგინტაევმა აღნიშნა, საქართველოს ვიცე პრემიერთან დიმიტრი ქუმსიშვილთან ბევრი საკითხი იქნა განხილული, რომელიც საქართველოსა და ყაზახეთის ორმხრივ ურთიერთობებს ეხება.
"დიდი საკითხი, რომელიც დღეს ყაზახეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის განიხილება, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის შექმნას ეხება. ჩვენ შევთანხმდით, რომ შეიქმნება კონსორციუმი, რომელიც მიმართული იქნება ჩინეთის პორტებიდან ტვირთის ბათუმამდე შემოტანისკენ, ბათუმიდან ტვირთების გადაზიდვა მოხდება სტამბულში და შემდეგ უკვე ევროპაში. ჩვენთვის ყველასთვის ეს არის ძალიან მომგებიანი სატრანზიტო მარშრუტი, ამიტომ ჩვენ ძალიან ვართ დაინტერესებულები იმით, რომ ეს კონსორციუმი იქნას შექმნილი. ვთხოვეთ ქართულ მხარეს, რომ კონსორციუმის შექმნას დაჩქარებულ რეჟიმში მოაწერონ ხელი. ჩვენ აქ ურთიერთგაგებას მივაღწიეთ და იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში მივიღებთ ამ დოკუმენტს", - განაცხადა ბაკიტჟან საგინტაევმა.
მისივე თქმით, მეორე საკითხი, რომელიც შეხვედრაზე განიხილეს, ბათუმის პორტსა და ნავთობტერმინალს ეხებოდა.
"მეორე საკითხი, რომელიც ქართულ მხარეს ანაღვლებდა ეს არის ის, თუ რა ბედი ეწევა ბათუმის პორტს და ასევე, ნავთობტერმინალს, რომელიც ყაზახური კომპანია "ყაზტრანსგაზის" საკუთრებაში არის. ჩვენ გამოვთქვით ჩვენი ნათელი პოზიცია, რომ ყაზახეთის ამ აქტივიდან გასვლას არ გეგმავს, ვინაიდან ეს საკითხი დაკავშირებული ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტთან", - განაცხადა ბაკიტჟან საგინტაევმა.
ყაზახეთის ვიცე პრემიერის თქმით, ყაზახეთი დაინტერესებულია იმით, რომ ყაზახური აქტივები ყოველგვარი რისკებიდან იყოს დაცული.
"ამას იმიტომ ვამბობთ, რომ "ყაზტრანსგაზ თბილისის" ჩვენ აქტივებს უკვე 6-7 წელია ვერ ვმართავთ, სადავო სიტუაციაა. არის დროებითი მმართველი, რომელიც სასამართლომ დანიშნა და ეს სიტუაცია ყოველწელს გრძელდება. ჩვენ არ გვაქვს წვდომა ჩვენს საკუთარ აქტივებზე. ყახაზეთმა 130 მილიონი ინვესტიცია განახორციელა ამ აქტივებში, ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ თუ ჩვენ ვიქნებით დარწმუნებულები იმაში, რომ აქტივები იქნება დაცული, რა თქმა უნდა, ჩვენ გავგრძელებთ მუშაობას. იმიტომ კი არ ვიყიდეთ აქტივები ბათუმში და ჩავდეთ იქ 300 მილიონი დოლარი, რომ ასე უბრალოდ წავიდეთ. ქართული მხარე, ვიცე პრემიერმა პირობა მოგვცა ჩვენ, რომ საქართველოს ხელისუფლება დაიცავს ამ აქტივს, რომ მათ სხვა განზრახვა არ აქვთ და ქართულ მხარეს სურს, რომ ყაზახეთი ინვესტორად დარჩეს ამ ბიზნესში", - განაცხადა ბაკიტჟან საგინტაევმა და დასძინა, რომ ყაზახეთს უნდა იყოს საქართველოში, მაგრამ მათი ბიზნესი უნდა იყოს დაცული.
"ჩვენ გვინდა ვიყოთ საქართველოში, მაგრამ ჩვენი ბიზნესი უნდა იყოს დაცული", - განაცხადა ყაზახეთის ვიცე პრემიერმა.