უკრაინის პოლიტიკურ სცენაზე ყველაფერი ახლა მხოლოდ იწყება, - ასე აფასებს უკრაინელი პოლიტოლოგი, სიტუაციათა მოდელირების სააგენტოს ხელმძღვანელი ვიტალი ბალა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.
პოლიტოლოგი არც იმას გამორიცხავს, რომ ეს ყველაფერი შესაძლოა, ძალიან სერიოზული პოლიტიკური კრიზისის დასაწყისიც იყოს.
"ასე იქნება მიუხედავად იმისა, თუ როგორ იმოქმედებენ მთავრობის თავმჯდომარე, მთავრობის სხვა წევრები და ის პოლიტიკური ძალები რადაში, ვინც მთავრობას მხარი დაუჭირა", - განაცხადა ვიტალი ბალამ.
პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ სინამდვილეში, ის რაც უკრაინის რადაში 16 თებერვალს მოხდა, ნონსენსია, იმიტომ, რომ პარლამენტმა ჯერ კენჭი უყარა მთავრობის მუშაობის არადამაკმაყოფილებლად შეფასებას, ხოლო შემდეგ მხარი არ დაუჭირა მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას.
"უცნაური ვითარებაა, ვინაიდან მთავრობა, რომლის მუშაობა არადამაკმაყოფილებლად არის შეფასებული, გადაყენებული უნდა იქნას. მთავრობას არ აქვს მხარდაჭერა არც საზოგადოებაში და არც პარლამენტში. ასეთ ვითარებაში რთული წარმოსადგენია, თუ როგორ გააგრძელებს იგი ფუნქციონირებას...
ამიტომაც ვფიქრობ, რომ უკრაინის პოლიტიკურ სცენაზე ყველაფერი ახლა მხოლოდ იწყება", - განაცხადა ვიტალი ბალამ.
მისივე თქმით, ვადამდელ არჩევნებამდე მივა საქმე თუ მესამე მაიდნამდე, ეს უკრაინის პოლიტიკის მთავარი კითხვაა.
"რა თქმა უნდა საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა ვადამდელი საპარალამენტო არჩევნებით დასრულებულიყო ყველაფერი. იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს მთავრობის გადაყენებას, პოლიტიკური პროცესი, პრაქტიკულად, თავად შეიყვანეს ჩიხში. ფორმალურად, რადას მთავრობის გადადგომის საკითხის ხელახლა დაყენება მხოლოდ სექტემბერში შეეძლება, მაგრამ, როგორ იმუშავებს ნდობადაკარგული მთავრობა ეს პერიოდი, ძნელი წარმოსადგენია. ამიტომ არ გამოვრიცხავ, შემოდგომისთვის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. ეს იქნებოდა მოვლენათა განვითარების საუკეთესო ვარიანტი, თუმცა, არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ პროცესებმა ქუჩაში გადაინაცვლოს", - განაცხადა უკრაინელმა პოლიტოლოგმა.
ა