ტელეკომპანია "მაესტროს" დირექტორი ბაია გადაბაძე მიიჩნევს, რომ პროკურატურამ მისი პროფესიული დევნის საკითხზე გამოძიება უნდა დაიწყოს. ამის შესახებ გადაბაძემ მთავარ პროკურატურაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც იგი უნდა გამოიკითხოს. მისი განმარტებით, პროკურატურა მას შემდეგ დაინტერესდა, რაც გუშინ გადაბაძემ მის მიმართ მიზანმიმართულ დევნაზე გააკეთა განცხადება.
"ჩემს მიმართ მიმდინარეობს პროფესიული დევნა მიზანმიმართულად. ჩემი ამ განცხადებით დაინტერესდა პროკურატურა და დამიბარა. მიმაჩნია, რომ ჩემს მიერ მიწოდებული ფაქტების საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს. დაჩქარებულად მიმდინარეობს დირექტორობიდან ჩემი გათავისუფლების ღონისძიებები. სწორედ ეს მიმაჩნია დევნად. თუ 19 თებერვალს, 14:00 საათზე მე არ ვიქნები "მაესტროს" დირექტორი, შეიძლება ჩაიშალოს კრედიტორთა კრება, რაც ტელევიზიის დახურვის პირველი ეტაპი იქნება. ამას ცდილობენ გაჩეჩილაძეები", - განაცხადა ბაია გადაბაძემ.
მისი თქმით, როდესაც პროფესიულ დევნაზე საუბრობს, გულისხმობს ლევან გაჩეჩილაძეს. "ვგულისხმობ გაჩეჩილაძეებს, რომლებიც, სამწუხაროდ, არიან ირაკლი რუხაძისა და კონკურენტი არხის, "იმედის" ინსტრუმენტები", - აცხადებს გადაბაძე.
რაც შეეხება ჟურნალისტების შეკითხვას, ხომ არ მიიჩნევს, რომ პროცესში ჩართულია ხელისუფლება, გადაბაძემ აღნიშნა, რომ ეს არ უგრძვნია, თუმცა ეჭვი გააჩნია. მისი თქმით, პროკურატურას მიაწვდის ინფორმაციას ზაფხულის შემდეგ გამართული პარტნიორთა კრებების და იმ ფულის წარმომავლობის შესახებ, რომლითაც გაჩერჩილაძემ "მაესტროში" წილი შეიძინა.