აუცილებელია

აუცილებელია "ყაზტრანსგაზ თბილისის" მენეჯმენტში ყაზახური მხარე დაბრუნდეს

ჩვენთვის სასურველი და აუცილებელია კომპანია "ყაზტრანსგაზ თბილისის" მენეჯმენტში ყაზახური მხარის დაბრუნება. ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოსა და ყაზახეთის სამთავრობო უწყებების გაფართოებული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელსაც ყაზახეთის ვიცე პრემიერი, ბაკიტჟან საგინტაევი ესწრებოდა.

როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე ასევე განიხილეს "ყაზტრანსგაზ თბილისის" საკითხი, რომელიც, მისი განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია.

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, უახლოეს მომავალში ყაზახეთიდან ჩამოვა კიდევ ერთი სამუშაო ჯგუფი, კომპანიაში კონკრეტული ინფორმაციის გასაცნობად და ამის შემდეგ ყაზახური მხარე გადაწყვეტილებას მიიღებს.

"ჩვენი მხრიდან გაჟღერდა შეთავაზება, რომ ჩვენთვის სასურველი და აუცილებელია ყაზახური მხარის დაბრუნება მენეჯმენტში, რომ მათ თვითონ გააგრძელონ კომპანიის მართვა. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ აქვე განვმარტეთ, რომ კომპანიას ინვესტიციები სჭირდება და ყაზახურ მხარეს ეს გათავისებული უნდა ჰქონდეს, რომ იმხელა კომპანიას, რომელიც ექსკლუზიური მომმარაგებელია თბილისის, აუცილებლად დასჭირდება ინვესტიციების ჩადება", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

რაც შეეხება კომპანიის ტარიფებს, დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, საქართველოში არის დამოუკიდებელი რეგულატორი და კომპანიებს, რომლებიც არიან რეგულირების სფეროს ქვეშ, უფლება აქვთ, რომ ტარიფის გადახედვის მოთხოვნით, სწორედ აღნიშნულ კომპანიას მიმართონ.

"აქ მნიშვნელოვანია ინვესტიციები და აქედან გამომდინარე შესაძლებელი, რომ იქნას საკითხი განხილული. რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, ამაზე ადრეა საუბარი. არანაირ ტარიფზე საუბარი ჯერ ადრეა. ჯერ გადაწყვეტილებები მივიღოთ", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

რამდენიმე წლის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც კომპანია "ყაზტრანსგაზმა" შესაძლოა, ქართულ მხარეს ინვესტიციების დაბრუნება მოსთხოვოს, კომპანია "ყაზტრანსგაზი" აპროტესტებს 2009 წელს "ყაზტრანსგაზ თბილისში" სპეციალური მმართველის დანიშვნას და მიაჩნიათ, რომ ამით დაირღვა "ყაზტრანსგაზის", როგორც უცხოელი ინვესტორის უფლებები, რადგან დანიშვნის შემდეგ კომპანია "ყაზტრანსგაზ თბილისის" საქმიანობაში ყახაზური მხარე ფაქტობრივად ვეღარ მონაწილეობს.