შეწყალების კომისიას ორი ახალი წევრი ეყოლება. პრეზიდენტის ბრძანებულებით, ახალი წევრები იქნებიან ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი და ჭადრაკში ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი. პრეზიდენტის ბრძანებულება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვეგბვერდზე გამოქვეყნდა.
"მუხლი 1. "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, "შეწყალების საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 26 ნოემბრის N928 ბრძანებულებაში (www.matsne.gov.ge, 29/11/2013, 010220020.08.002. 016899) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"1. შეიქმნას შეწყალების საკითხთა კომისია შემდეგი შემადგენლობით: ზვიად ქორიძე - ჟურნალისტი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი, კომისიის თავმჯდომარე; ლია მუხაშავრია - იურისტი, უფლებადამცველი; ეკა გიგაური - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი; ვასილ (ბასა) ჯანიკაშვილი - მწერალი, დრამატურგი; რევაზ კიკნაძე - სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი; კონსტანტინე ჯანდიერი – მწერალი; უჩა ნანუაშვილი - საქართველოს სახალხო დამცველი; გივი შაჰნაზარი - მწერალი; მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი; ნონა გაფრინდაშვილი - ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში; ზაზა ფირალიშვილი - ფილოსოფოსი, პროფესორი".
მუხლი 2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე", -ნათქვამია პრეზიდენტის ბრძანებულებაში.