თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა საქართველოს ინტერესი ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით ფეხბურთის თამაშს შეადარა.
შესაბამისი განცხადება ხიდაშელმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მსვლელობისას გამოცემა USA TODAY-სთან ინტერვიუში გააკეთა.
"საბჭოთა კავშირის დროს საქართველოს ფეხბურთს ძალიან კარგი მოთამაშეები ჰყავდა, თუმცა, ისინი ყველა საბჭოთა კავშირისთვის თამაშობდნენ. 11 მოთამაშიდან ეროვნულ ნაკრებში რვა საქართველოდან იყო. მას შემდეგ, რაც საქართველომ დატოვა საბჭოთა კავშირი (1989 წელს), ჩვენს გუნდებს ჰქონდათ არჩევანის შესაძლებლობა, რომ აზიის ლიგებს შეერთებოდნენ და ჩვენ ყველაფერს მოვიგებდით, თუმცა, ჩვენ გადავწვიტეთ შევსულიყავით ევროპის ჩემპიონთა ლიგაში. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენმა გუნდებმა ითამაშონ "რეალ მადრიდთან" ან "ბარსელონასთან", მაშინაც კი თუ ზოგჯერ წავაგებთ", - აღნიშნა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება იმის მანიშნებელია, რომ საქართველო ამბიციური ქვეყანაა და გამოსავლის პოვნის მარტივი გზებით არ ინტერესდება.
ამასთან, USA TODAY-ისთან ინტერვიუში ხიდაშელმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა თავს ევროპულად მიიჩნევს.
"ჩვენ მზად ვიყავით ვყოფილიყავით ევროპის ნაწილი მე-11 საუკუნიდან, მაშინ როდესაც ჩვენ პირველი ელჩი პარიზში გავგზავნეთ. ჩვენი სურვილია, რომ ოფიციალურად და ფორმალურად ვიყოთ იმის ნაწილი, რისი ნაწილიც ჩვენი აზრით, კულტურითაც ვართ", - აღნიშნა ხიდაშელმა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, რუსეთის მხრიდან ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტული ზეწოლა არ არის.
"ვფიქრობ, ისინი დაკავებული არიან უფრო დიდი საკითხებით, ვიდრე საქართველოთი. იქნება ეს სირიაში თუ სხვაგან. თუმცა, თუ თქვენ საქართველოში მთავარ მაგისტრალზე ჩაივლით, დაინახავთ ზეწოლას რუსული დროშების ფორმით და რუსული ტანკებით, რომლებიც დროდადრო ახალ სოფელში შემოდიან", - განაცხადა USA TODAY-ისთან ინტერვიუში თინა ხიდაშელმა.