ბიზნესომბუდსმენ გიორგი გახარიას აზრით, სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის ურთიერთობის მექანიზმები უნდა გამარტივდეს.
როგორც გახარიამ განაცხადა, თუ პრემიერის მიერ ინიცირებული ე.წ. ფრონტ-ოფისი ამას ხელს შეუწყობს, მხოლოდ მისასალმებელი იქნება.
"ძირითადი კონცეპტუალური პრობლემა გახლავთ და ამას ბიზნესიც გრძნობს და სახელმწიფოც, რომ საგადასახადო ადმინისტრირება და არამხოლოდ საგადასახადო, არამედ სრული ადმინისტრირება, სადაც ბიზნესის და სახელმწიფოს ერთმანეთთან შეხება ხდება, უნდა გამარტივდეს. შეიძლება, ამ გამარტივების შემდეგ ჩვენ მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ რაღაც ნაწილებში შეიძლება გამკაცრდეს, მაგრამ დღეს ეს ურთიერთობის მექანიზმები რომ უნდა გამარტივდეს, ყველასთვის ნათელია. ამას ემსახურება ერთი ფანჯრის იდეა, ფრონტ-ოფისის იდეა და ა.შ.", - განაცხადა გახარიამ.
მისი თქმით, ე.წ. ფრონტ-ოფისის ამოქმედების გადაწყვეტილების მოტივაციაზე, უმჯობესია, პრემიერ-მინისტრმა ისაუბროს.
"პრემიერმა დაასახელა მისი ძირითადი პრიორიტეტი –როგორც კერძო, ისე სახელმწიფო პროექტების დროში დაჩქარება, რაც ყველასთვის მისასალმებელია. თუ ეს ახალი სტრუქტურა ამას ხელს შეუწყობს, ძალიან წარმატებული იქნება", - დასძინა გახარიამ.
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სპეციალური სამსახური, რომელიც სამინისტროებისა თუ სააგენტოების მიერ პროექტების შესრულებას გააკონტროლებს, უახლოეს დღეებში შეიქმნება. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული სამსახური მმართველობის რეფორმის ფარგლებში ამოქმედდება და ის პრემიერ-მინისტრის აპარატთან შეიქმნება.