დავფიქრდეთ რომელი ახირება უფრო უმჯობესი არის, ის რომ აშენებდე ქვეყანას, საფუძველს უყრიდე ქვეყნის განვითარებას თუ ის, რომ მხოლოდ იმაზე ფიქრობდე რას ამოთხრი და რას მიიტან სახლში? – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნუგზარ წიკლაურმა საქართველოს მთავრობა და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გააკრიტიკა.
"თქვენ ბრძანდებით ის პარტია, რომელმაც აულაგმავი პოპულიზმით გადაწყვიტა ქართველი ხალხის გამასპინძლება და დაპირდა ისეთ რამეებს, რომელთა მეათედიც კი არ შეუსრულა ჩვენს ხალხს. საუბარი ახლა იმაზე რომ კახელ გლეხებზე და არა მარტო გლეხებზე ვინმე პოპულისტობს, აქ არის სრულიად გადამეტებული და არანაირად სინამდვილეს არ შეეფერება. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ მთელს კახეთში დენის და გაზის გაძვირება ამ გაუსაძლისი ვითარების დროს არის მხოლოდ პოპულიზმი, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ხალხი ამორიცხეთ თქვენ იმ ადამიანთა ნუსხიდან, რომელზეც ზრუნვა გევალებათ. ისევე როგორც ამორიცხეთ საქართველოს სხვა კუთხის მცხოვრებლებიც, რომლებსაც ჰპირდებოდით ბედნიერების მთებს და არაფერი ამ დაპირებათაგან არ შეასრულეთ.
სწორედ ეს მიუთითებს სახელმწიფო ხედვის ნაკლებობაზე თქვენი მხრიდან. თქვენი საუბრები იმაზე, როცა ჩვენ ხელისუფლებას აკრიტიკებდით იყო, თითოქოს ჩვენ რაღაც ახირებულები ვართ. ოღონდ ჩვენი ახირებები იყო დაკავშირებული სიღნაღის აღმშენებლობასთან, ლაზიკას პორტის შენებასთან, იუსტიციის სახლების გახსნასთან, ახალი ავტობანების გახსნასთან, ჩვენი ახირებები იყო საქართველოს სრულიად სხვა ქვეყნად გადაქცევა, მაგრამ ახალა ვიკითხოთ, აი ამ ფონზე რა არის თქვენი ახირებები? თქვენი ახირებაა ის, რომ თქვენი მთავარი ლიდერი, რომელიც გყავთ არის დაკავებული იმით, რომ დარბის ტყეში, თხრის ხეებს და აპირებს ამ ხეების საკუთარ ეზოში გადარგვას. დავფიქრდეთ, რომელი ახირება უფრო უმჯობესი არის, ის რომ აშენებდე ქვეყანას, საფუძველს უყრიდე ქვეყნის განვითარებას თუ ის რომ მხოლოდ იმაზე ფიქრობდე, რას ამოთხრი და რას მიიტან სახლში? ეს იყო განა "ქართული ოცნების" დაპირებები?"- განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.