მიხეილ ჯანელიძემ თურქეთს ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების საკითხში მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა

მიხეილ ჯანელიძემ თურქეთს ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების საკითხში მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა

საქართველო-თურქეთის თანამშრომლობა წარმატებულად ვითარდება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, კოლეგასთან შეხვედრის დროს ისაუბრეს ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის პროცესსა და "არსებითი პაკეტის" განხორციელების მიმდინარეობაზე, რის განხორციელებაშიც თურქეთს სერიოზული წვლილი შეაქვს.

"კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს ალიანსში საქართველოს გაწევრიანების საკითხში აქტიური მხარდაჭერისათვის.

შეხვედრისას, ბატონმა ჩავუშოღლუმ და მე მიმოვიხილეთ რეგიონში არსებული მდგომარეობა და გამოვხატეთ მკაფიო ურთიერთმხარდაჭერა. ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებისათვის, უმნიშვნელოვანესია არსებული კონფლიქტების მშვიდობიანად მოწესრიგება, საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად, სახელმწიფოთა სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების პატივისცემის საფუძველზე", -განაცხადა ჯანელიძემ.