ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადება, რომ მისი და მთავრობის ეკონომიკური ბლოკის მინისტრების ხედვა ყოველთვის ერთი და იგივე იყო, - ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის გუშინდელ განცხადებებზე კომენტირებისას განუცხადა.
გახარიას აზრით, შესაბამისად, ის პრობლემები, რომლებიც დაგროვდა, მთავრობის და ეროვნული ბანკის საერთო პასუხისმგებლობის თემაა.
"სამწუხაროდ, დეტალურად არ მინახავს, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იყო ამ გამოსვლაში არის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადება, რომ ეკონომიკურ ნაწილში მისი და მთავრობის ეკონომიკური ბლოკის მინისტრების ხედვა ყოველთვის ერთი და იგივე იყო. ეს ჩემთვის ძალზე სასიამოვნო იყო, მაგრამ ეს მართლაც ფაქტია. შესაბამისად, ყველა ის პრობლემა, რომელიც არსებობს და რომელიც უნდა გადაწყდეს მომავალში, არის საერთო პასუხისმგებლობის თემა", - განაცხადა გახარიამ.
ამასთან, მან თავი შეიკავა გიორგი ქადაგიძის იმ მოსაზრების შეფასებისგან, რომელიც რიგი სამინისტროების გაუქმებას შეეხება.