პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს გთხოვთ, სეპარატისტულ განცხადებებს ყურადღება მიაქციოთ

პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს გთხოვთ, სეპარატისტულ განცხადებებს ყურადღება მიაქციოთ

მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი აზერ სულეიმანოვი პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს, სეპარატისტულ განცხადებებს ყურადღება მიაქციონ და მასზე დროული რეაგირება მოახდინონ.

აზერ სულეიმანოვი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ვაჰაგან ჩახალიანის განცხადებას გამოეხმაურა და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა, რომ მისი გუნდის დამსახურებაა, ჩახალიანის მსგავსი სეპარატისტები, ქვეყნის მტრები და მოღალატეები თავისუფალი რომ არიან.

"რამდენიმე დღის წინ თქვენს მიერ ამნისტირებულმა ქვეყნის მტერმა ჩახალიანმა სეპარატისტული განცხადება გააკეთა, საქართველოს თურქეთიზაციის და აზერბაიჯანიზაციის შესახებ. ეს მისი პირველი განცხადება არ არის. მან განცხადება სპეციალურად იმ დღეს გააკეთა, როცა მსოფლიოს აზერბაიჯანული მოსახლეობა აზერბაიჯანელი ხალხის ხოჯალოს გენოციდს გლოვობს. ზუსტად 24 წლის წინ, 25 თებერვალს, ერთ ღამეში, ჩახალიანის მსგავსმა სეპარატისტებმა რუსულ ჯარებთან ერთად ერთი ქალაქის აზერბაიჯალნული მოსახლეობა დახოცა – ძირითადად ბავშვები, ქალები და მოხუცები. სამწუხაროდ, მსოფლიო საზოგადოებამ ამ გენოციდს საკმარისი შეფასება არ მისცა. ბატონო დავით, ზუსტად თქვენი გუნდის დამსახურებაა, რომ ჩახალიანის მსგავსი სეპარატისტები, ქვეყნის მტრები და მოღალატეები თავისუფლებაზე არიან. ამ დროს, ვინც ჩვენი ქვეყანა ააშენა, ქვეყნის პატრიოტები ახალაია, უგულავა და მერაბიშვილი, თქვენი დახმარებით ციხეში არიან. მჯერა, რომ საქართველო იქნება გაერთიანებული, ისევე როგორც აზერბაიჯანი. ყარაბახი ისევ აზერბაიჯანის ტერიტორია იქნება და ეს რუსული ტანკების და ჩახალიანის მსგავსი სეპარატისტების გარეშე მოხდება. ჩვენ ერთი ქვეყნის შვილები ვართ – როგორც ქართველი, აზერბაიჯანელი, სომეხი. მე, როგორც აზერბაიჯანელი, ასევე ქართველი ვარ და საქართველოა ჩემი სამშობლო. პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს გთხოვთ ამ სეპარატისტულ განცხადებებს ყურადღება მიაქციოთ და ამ ფაქტზე დროული რეაგირება მოახდინოთ", -განაცხადა სულეიმანოვმა პარლამენტში.

მას დავით უსუფაშვილმა უპასუხა, რომ აზერბაიჯანელი ხალხისადმი პატივისცემის გამო, მისი და მისი გუნდის მისამართით გაკეთებულ განცხადებას არ გამოეხმაურება.