თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ვარშავის ნატო-ს სამიტზე საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მხარდაჭერის საკითხს დააყენებს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ვარშავის ნატო-ს სამიტზე საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მხარდაჭერის საკითხს დააყენებს

თურქეთი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ქართველ კოლეგა მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ჩავუშოღლუმ აღნიშნა, ყველა პარტნიორთა შეხვედრაზე და ნატო-ს ყველა წევრ ქვეყნის წარმომადგენელთან შეხვედრაზე თურქეთი ყოველთვის აფიქსირებს საქართველოს მხარდაჭერას ნატო-ში გაწევრიანების კუთხით.

"მინისტერიალზეც, შეხვედრაზეც ყოველთვის ვაყენებთ ამ საკითხს. ბოლო შეხვედრაზეც პირადად მე დავაყენე ეს საკითხი. ვარშავის ნატო-ს სამიტზეც დავაყენებთ ამ საკითხს, თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ ამაში", – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

რაც შეეხება ევროკავშირს, მისივე თქმით, საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობის თვალსაზრისით საკმაოდ წინ არის წასული. მან განსკუთრებით აღნიშნა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და ხაზი გაუსვა იმასაც, რომ საქართველოს მოქალაქეები სულ მალე იმოგზაურებენ შენგენის ქვეყნებში.

"ჩვენი მოქალაქეებიც ელოდებიან ევროკავშირისგან მსგავს გადაწყვეტილებას", - განაცხადა ჩავუშოღლუმ.

მანვე აღნიშნა, რომ თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

"აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრობლემებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში გადაჭრას ვუჭერთ მხარს და ყველა ფორმატში, ყველა პლატფომრაზე ვაფიქსირებთ ამ მხარდაჭერას", - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.