"გირჩი" სამინისტროების რაოდენობის შემცირების მიზნით, პრემიერს დისკუსიის გახსნისთვის მიმართავს

"ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი" ადმინისტრაციული ხარჯებისა და სამინისტროების რაოდენობის შემცირების მიზნით პრემიერ-მინისტრს დისკუსიის გახსნისთვის მიმართავს. როგორც დღევანდელ სესიაზე "გირჩის" წარმომადგენელმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, "გირჩი" მზად არის ნებისმიერ ფორმატში მიიღოს მონაწილეობა.

"სამწუხაროდ, ჩვენ პოლიტიკურ ცენტრს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ პარლამენტში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები წარმოვადგინოთ. ნებისმიერი კანონპროექტი, რომელიც ეხება მთავრობის სტრუქტურის შემცირებას და სამინისტროების რაოდენობის შემცირებას, ინიცირება მხოლოდ მთავრობის დისკრეციაა. მე მინდა მივმართო პრმეიერ-მინისტრს, რომ ნებისმიერ ფორმატში, რომელიც მას აწყობს, დავიწყოთ და გავხსნათ ამ თემაზე დისკუსია. ჩვენ მზად ვართ, ჩავერთოთ ასეთი ტიპის ფორმატში. ჩვენ ცალსახად ვართ დარწმუნებული, რომ არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს ისე სიღრმისეულად გააზრებული და დეტალურად დათვლილი ციფრებში თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რამდენი სამინისტრო უნდა დარჩეს, როგორც ჩვენ", - განაცხადა ჯაფარიძემ.