"სტუდენტები ადგილობრივი თვითმმართველობისთვის"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე პროექტ „სტუდენტები თვითმმართველობისათვის" მონაწილეებს შეხვდა. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მიზნით არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქემ" პროექტის მეორე ეტაპი დაიწყო.

პროექტის ფარგლებში სტუდენტები მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემების კვლევასა და ანალიტიკური დოკუმენტის მომზადებაზე არიან ფოკუსირებული. ფოკუს ჯგუფებმა მუნიციპალიტეტში არსებული ვითარების, ადგილობრივი ბიუჯეტის შესწავლის და ანალიზის საფუძველზე ანალიტიკური დოკუმენტი "მუნიციპალიტეტის პრობლემები და საჭიროებები" უნდა მოამზადონ.

მერაბ ჭანუყვაძემ ახალგაზრდებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო და მუნიციპალური განვითარების საშუალოვადიან პრიორიტეტებზე ესაუბრა.

“დღეს შევხვდით ძალიან პერსპექტიულ და მოტივირებულ ახალგაზრდებს, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხების შესწავლით არიან დაინტერესებული. თვითმმართველობის განხორციელების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. ჩვენ ასწორედ ასეთი ადამიანები უნდა შემოვიკრიბოთ, ერთად შევისწავლოთ პრობლემა, ვითანამშრომლოთ და შევიმუშავოთ სტრატეგია მათ მოსაგვარებლად,“ - აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.

სტუდენტები ოზურგეთში ათი დღის განმავლობაში დარჩებიან და სოფლებში არსებულ პრობლემებს ადგილზე შეისწავლიან.