საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის აზრით, სამინისტროების შემცირება-გაერთიანებაზე საუბარი პოპულიზმია.
როგორც ვოლსკიმ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ხელაღებით იმაზე საუბარი, რომ ესა თუ ის სამინისტრო შეერთდეს და ვიღაც უმუშევარი დარჩეს, არასწორია.
"სამინისტროების შემცირების თაობაზე გაკეთებული განცხადება, პოპულისტური განცხადებაა გიორგი ქადაგიძის მხრიდან. ფულის დაზოგვა რომ საჭიროა, ნებისმიერმა ადამიანმა იცის, ქუჩაში რომ გააჩერო. სამინისტროების ოპტიმიზაციის, შემცირებების საკითხს ისე უყურებენ, თითქოს იქ მყოფი ხალხისგან ეროვნული მტრის ხატის შექმნა სურთ. ეს ხალხი იქ მუშაობს და ძალიან დიდ საქმეს აკეთებს. ვფიქრობ, ეკონომია შესაძლებელია ისეთი ხარჯების დაზოგვით, რომელიც განვითარებისკენ მიმართული არ არის. ეს ორგანიზაციული მხარეა და ვფიქრობ, გიორგი კვირიკაშვილს ამ მხრივ სწორი მიმართულებები აქვს. ხელაღებით იმაზე საუბარი, რომ ესა თუ ის სამინისტრო შეერთდეს, ხალხი იქედან გამოვიდეს, ვიღაც უმუშევარი დარჩეს, არასწორია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ასეთი საუბარი", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" გია ვოლსკიმ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში სამინისტროების რაოდენობა უნდა შემცირდეს. ამის შესახებ ქადაგიძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში ბიუროკრატიული რეზერვების კომენტირებისას განაცხადა.
"თუ მეკითხებით, სად შეიძლება ბიუროკრატიის შემცირება, გეტყვით, საქართველო დღეს იმართება 19 სამინისტროს მეშვეობით, რომ არაფერი ვთქვათ სხვადასხვა სიპებზე და სტრუქტურებზე. შვეიცარია, ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანა მსოფლიოში, იმართება 8 სამინისტროს მეშვეობით. ბიუროკრატიის შემცირების რეზერვი არის ძალიან დიდი. მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია გაუქმდეს ყველა უპორტფელო სამინისტრო, უკლებლივ. მაგალითად, შესაძლებელია გაუქმდეს ევროინტეგრაციის სამინისტრო და შეუერთდეს საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტად, გაუქმდეს მაგალითად სასჯელაღსრულების სამინისტრო. ასეთი სამინისტრო არ გვხვდება არც ერთ ევროპულ ქვეყანაში. თავის დროზე, მას შემდეგ, რაც პროკურატურა გაერთიანდა იუტიციის სამინისტროს შემადგენლობაში, წარმოიშვა ინტერესთა კონფლიქტი, ამიტომ აუცილებელი გახდა სასჯელაღსრულების გამოყოფა. ახლა კი, როცა პროკურატურა აღარ არის იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში, შეგვიძლია სასჯელაღსრულება მთლიანად დავუბრუნოთ იუსტიციის სამინისტროს. სპორტის სამინისტრო მთლიანად შეგვიძლია გავაუქმოთ და გადავცეთ განათლების ან თავდაცვის სამინისტროს. შეგვიძლია გავაუქმოთ კულტურის სამინისტრო, რომელიც პრაქტიკულად საბჭოთა გადმონაშთია. თავისუფლად არის შესაძლებელი სამინისტროების რიცხვის განახევრება", - განაცხადა ქადაგიძემ.