ადვოკატი დარწმუნებულია, რომ "საქართველოს ხმის" დამფუძნებლის, გარდაცვლილი ბიძინა კუჭავას ფარეხის ქვეშ აღმოჩენილი ძვალი ცხოველისაა და არა ადამიანის, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კუჭავას ოჯახის ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ განუცხადა.
მისი თქმით, როდესაც გეორადარით, ფარეხის ქვეშ მიწაში ძვალი აღმოაჩინეს, მაშინ გამომძიებელმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი მტკიცებულება ამოიღეს, თუმცა მას შემდეგ დამატებითი ინფორმაცია კუჭავას ადვოკატისთვის არ მიუწოდებია.
"მე დავუკავშირდი გამომძიებელს, რომელსაც ვკითხე, რისია ეს ძვალი, რომელზეც თქვა, რომ მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა. მან მითხრა, რომ დნმ-ს პასუხი ჯერ მზად არ არის. დარწმუნებული ვარ, ეს პასუხი არსებობს და ძვალი არა ადამიანის, არამედ საქონლისაა", - განაცხადა ნათია კორკოტაძემ.
მისი თქმით, კუჭავას ოჯახს, საქმის მასალები ამ დრომდე სრულად არ გადასცემია, რის გამოც ხვალ, თბილისის პროკურატურას განცხადებით მიმართავს.
"ოჯახს სურს ბიძინა კუჭავას სახელის რეაბილიტაცია. მოვითხოვთ, თუ არ გადმოგვცემენ, გვაჩვენონ მასალები და დაგვარწმუნონ გამოძიების ვერსიაში, რომ ბიძინა კუჭავამ ჯერ მისი მეგობარი პაატა ქირია მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა. ძალიან ბევრი შეკითხვა დაგვიგროვდა. 25 იანვარს, მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ სატელევიზიო გამოსვლაში, თქვა, რომ ქირიას და კუჭავას ოჯახებს საქმის მასალები მიეწოდებათ. ასე არ არის და მოვითხოვთ მასალებს", - განაცხადა ადვოკატმა.
პროკურორ ვახტანგ (პაატა) ქირიას ცხედარი ქავთარაძეზე, ერთ-ერთ ბინაში აღმოაჩინეს. გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის 13 იანვარს, დაახლოებით, 16:15 საათზე, ვახტანგ ქირია სახლიდან გავიდა და მისი ადგილსამყოფელი რამდენიმე დღის განმავლობაში ოჯახის წევრებისთვის უცნობი იყო. გამორთული იყო მობილური ტელეფონი, არ ჩანდა მისი კუთვნილი ავტომანქანა და ვერ ხერხდებოდა მასთან დაკავშირება.
შსს-ს ცნობით, გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ამოღებულ იქნა კვალის ასარევად, ქალაქ რუსთავში გადაგდებული, ვახტანგ ქირიას მობილური ტელეფონი. 16 იანვარს კი, იგი ქავთარაძის ქუჩაზე, ერთ-ერთ ბინაში მოკლული იპოვეს.
შსს-ს ცნობით, ქირია კუჭავამ მოკლა. გამოძიების ინფორმაციით, ბიძინა კუჭავა კი, თბილისში, იუსტიციის სახლთან დავით პოპოვის ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც პოლიცია კვალზე იყო გასული. სამართალდამცველების მისვლამდე კი, მან ცეცხლსასროლი იარაღით თავი მოიკლა.